თავდაცვის სამინისტროს განცხადება

ფანჯიკიძე: თავდაცვის სამინისტროს განცხადება ხელისუფლების სრული კრახია

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი მაია ფანჯიკიძე მიიჩნევს, რომ გამორიცხულია თავდაცვის სამინისტროს განცხადება უკრაინაში დაღუპული ქართველი ჯარისკაცის შესახებ უმაღლეს დონეზე თანხმობის გარეშე გაკეთებულიყო. ფანჯიკიძის განცხადებით, ეს არის ხელისუფლების სრული კრახი.

"აბსოლუტურად გამორიცხულია მსგავსი განცხადება უმაღლეს დონეზე თანხმობის გარეშე გააკეთოს რომელიმე სამინისტრომ. თუ ასეთი რამ რომელიმე სამინისტროში ხდება, იქ არის მენეჯმენტის ძალიან სერიოზული პრობლემა. მე მაინტერესებს, რისი აღიარება ურჩევნია თავდაცვის სამინისტროს - რომ მათ ეს პოზიცია ჰქონდათ თუ მენეჯმენტი არ უვარგათ. ორივე კატასტროფაა, მე თუ მკითხავთ. განსაკუთრებით ისეთი სამინისტროსთვის, რომელსაც ევალება ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის დაცვა და რომელსაც ემორჩილება 30 ათასამდე ჯარისკაცი, რომელიც ყოველ დღე უყურებს თავის ხელმძღვანელობას და მისგან უნდა იცოდეს, რა მიმართულებით მუშაობს, რა არის მისი ამოცანა. ეს არის სამინისტრო, სადაც ყველაზე მეტი მნიშვნელობა ენიჭება ღირსებას, ზნეობას, სამშობლოს სიყვარულს და მსგავს ფასეულობებს. ამიტომ, მე მიმაჩნია, რომ ის, რისი მომსწრენიც ვიყავით გასული კვირის განმავლობაში, არის ხელისუფლების სრული კრახი. ჩემი აზრით, ეს იყო ყველაზე დიდი კატასტროფა, რომელიც ამ ხელისუფლებას განუცდია. მეორე კატასტროფა არის ის, რომ მიუხედავად პრემიერმინისტრის მხრიდან მიღებული დირექტივისა, რომ თავდაცვის მინისტრს ბოდიში უნდა მოეხადა, ჯერ ეს არ მომხდარა. მესამე და კიდევ უფრო უარესი არის ის, რომ თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა პრესსამსახურს ამოეფაროს და პრესსამსახური გაუშვა წინა ფრონტზე. ახლა, ალბათ ვიღაცას, რომელიც აბსოლუტურად არ არის პასუხისმგებელი ასეთი ტიპის განცხადებებზე, დასჯიან და ისინი მიიჩნევენ, რომ ეს არის საკმარისი. ეს არის გაუგონარი რამ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის, რაც ამის შემდეგ არის მოსალოდნელი, კერძოდ ის, თუ როგორ უნდა ენდოს მომავალში ან ის 30 ათასი ჯარისკაცი, ან საქართველოს მოსახლეობა ამ სამინისტროს მიერ გაკეთებულ რომელიმე განცხადებას, იმის გათვალისწინებით, რაც მოხდა. ან არ იციან, შიგნით რა ხდება, ან პასუხისმგებელი პირი ვერ გაურკვევიათ და ბოდიში ვერ მოუხდიათ და ჰგონიათ, რომ საიტიდან წაშლით ეს საკითხი მოგვარდება", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

ფანჯიკიძის თქმით, პასუხისმგებლობის საკითხი აუცილებლად უნდა დადგეს.

"ჩემი აზრით, აქ პასუხისმგებლობის საკითხი აუცილებლად უნდა დადგეს. როგორი, რანაირი - მიმინდვია ამ ხელისუფლებისთვის, მაგრამ წარმოუდგენელია ასეთი რამის მერე არავინ ისჯებოდეს და მე ამ დასჯაში არ ვგულისხმობ პრესსამსახურის თანამშრომლებს",- აღნიშნა ფანჯიკიძემ.

ცნობისთვის, თავდაცვის სამინისტრომ 20 დეკემბერს განცხადება გაავრცელა, სადაც უკრაინაში ქართველი მებრძოლის ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვაზე პასუხისმგებლობა ნაციონალურ მოძრაობას დააკისრა.

"გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვის გამო, სრული პასუხისმგებლობა ეკისრებათ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებენ, მონაწილეობა მიიღონ ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში. თავდაცვის სამინისტროს მხრიდან არაერთხელ აღინიშნა, რომ მსგავსი მოწოდებები არის უპასუხისმგებლო და ემსახურება საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი და მოქმედი სამხედრო მოსამსახურეების შეცდომაში შეყვანას.

თავდაცვის სამინისტრო მოუწოდებს საქართველოს ყველა მოქალაქეს, არ აყვეს პროვოკაციას და სხვადასხვა შემოთავაზების სანაცვლოდ არ ჩაიგდოს საკუთარი სიცოცხლე საფრთხეში"- ნათქვამი იყო განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ 21 დეკემბერს განცხადება უწყებამ წაშალა. ნაციონალური მოძრაობა კი ოთხშაბათს, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, თავდაცვის მინისტრ მინდია ჯანელიძის პასუხისმგებლობის საკითხის განხილვას მოითხოვს.

კომენტარები