ქართველი მებრძოლი უკრაინაში

აეროპორტი გრიგოლაშვილის ჩამოსვენებაზე: რეისი უამინდობის გამო ერევანში დაჯდა

გრიგოლაშვილის ჩამოსვენებას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ელიან
Goga Khachidze / facebook.com/goga.khachidze

თვითმფრინავი, რომელსაც უკრაინაში დაღუპული ქართველი ჯარისკაცი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უნდა ჩამოესვენებინა, უამინდობის გამო ერევანში დაჯდა - ამის შესახებ ტაბულას თბილისის აეროპორტში განუცხადეს. აეროპორტის ცნობით, ერევნიდან ალექსანდრე გრიგოლაშვილის ჩამოსვენება ღამის 2 საათისთვის იგეგმება. 

საგარეო საქმეთა სამინისტროსა და უკრაინის საელჩოს წარმომადგენლები დაღუპულის მშობლებთან ერთად აეროპორტში რჩებიან.

აეროპორტში ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ შეიცვალა სხვა რეისების მიმართულებაც. მაგალითად თვითმფრინავი, რომელიც ყაზახეთიდან მოფრინავდა, უამინდობის გამო ქალაქ ბაქოში დაჯდება. 

თუმცა, თბილისის აეროპორტის ვებგვერდზე აღნიშნულია, რომ 12:50 საათსა და 01:00 საათზე თბილისის აეროპორტში აქთაუს და კიევის რეისები დაჯდა. პრესსამსახურის განმარტებით, აქთაუს რეისი გადაიდო და ვებგვერდზე არასწორი ინფორმაცია გავრცელდა.

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 20 დეკემბერს 23:00 საათზე უნდა ჩამოესვენებინათ. ალექსანდრე გრიგოლაშვილი ლუგანსკის ოლქის ქალაქ სჩასტიესთან დაიღუპა. ცნობილია, რომ უკრაინელ მებრძოლთა ჯგუფი ჩასაფრებაში მოჰყვა, რის შედეგადაც ორი მებრძოლი დაიღუპა. გრიგოლაშვილი უკრაინაში რამდენიმე თვე იმყოფებოდა, იგი აიდარის სადაზვერვო ქვედანაყოფს მეთაურობდა. ეს უკრაინაში ქართველ მებრძოლებს შორის პირველი მსხვერპლია.

კომენტარები