კორუფცია სენაკის გამგეობაში

ენმ: სენაკის გამგებელმა ძმების კომპანიებში ბიუჯეტიდან 389 412 ლარი გადარიცხა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის ირმა ნადირაშვილის განცხადებით, სენაკის გამგებელმა გოჩა დგებუაძემ თავისი ძმების კომპანიების სასარგებლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ჯამში 389 412 ლარი გადარიცხა. 

ნადირაშვილის თქმით, კომპანია სენ კაპიტალმა, რომლის 100%-იანი წილი გოჩა დგებუაძის ძმას, სოსო დგებუაძეს ეკუთვნის, 2013 წელს გამგეობისგან 56 ათას ლარზე მეტი მიიღო, რაც სოფლის მხარდაჭერის პროგრამით დახარჯული თანხების დაახლოებით 60%-ია, 2014 წელს კი მისი კომპანიის ანგარიშზე 92 817 ათასი ლარი ჩაირიცხა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით, 2013 წელს გამგეობის ყველაზე მსხვილი კონტრაქტორი გახდა შპს ბალავარი, რომლის დირექტორიც გამგებლის კიდევ ერთი ძმა, თამაზ დგებუაძეა, 100%-იანი წილის მფლობელი კი მისი მეუღლე, ნანა ხარებავაა. 2013 წელს სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის პროგრამით ბალავარმა 116 413 ლარი მიიღო.
 
ნადირაშვილის განმარტებით, როდესაც აღნიშნულ კომპანიებთან გამგეობა კონტრაქტს აფორმებდა, გოჩა დგებუაძე 3 დღიან შვებულებაში გადიოდა და ხელს მისი მოადგილე, თემგიზ ლომია აწერდა. მისივე განცხდებით, აღნიშულ კომპანიებთან ხელშეკრულებები ტენდერების გვერდის ავლით გაფორმდა.

კომენტარები