საქართველო-რუსეთის ურთიერთობა

პუტინი: როგორც უკრაინაში, საქართველოც აფხაზეთის და ოსეთის ხალხს უნდა ესაუბროს

ვლადიმირ პუტინი
Time

"კონფლიქტების მოგვარება საქართველოში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ხალხებთან დიალოგის გზით უნდა მოხდეს, რუსეთს კი საქართველოს ხელისუფლების ნებისმიერი წარმომადგენლის სტუმრობა გაუხარდება", - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ყოველწლიურ დიდ პრესკონფერენციაზე განაცხადა ჟურნალისტის კითხვაზე თბილსისა და მოსკოვის ოფიციალური კონტაქტებისა და კონფლიქტების მოწესრიგების შესაძლო გზების შესახებ.

"ისევე, როგორც უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში, საკითხი იმაში მდგომარეობს, რომ ესაუბროთ ადამიანებს, რომლებიც ამ ტერიტორიებზე ცხოვრობენ. თავის დროზე ამას ვთხოვდი მიხეილ სააკაშვილს, რომელიც ახლა იმალება და ჩვენ აქ საერთოდ არაფერ შუაში ვართ. ვერავინ დაგვაბრალებს იმას, რომ მას დევნის მთელს მსოფლიოში საქართველოს მოქმედი ხელისუფლება, როგორც ტილიანს აბანოში. როგორც ვიცი, მას ამერიკის სამუშაო ვიზასაც არ აძლევენ. მე ვთხოვდი მას, არავითარ შემთხვევაში არ დაეწყო საბრძოლო მოქმედებები. მან დაიწყო და შედეგი ცნობილია", - განაცხადა ვლადიმირ პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტმა საქართველოს ისტორიის საკუთარი ინტერპრეტაცია წარმოადგინა: "მესმის, რომ ეს ქართველი ხალხის ტკივილი და მოუშუშებელი ჭრილობაა, მაგრამ 1919 წელიც ხომ ყველამ იცის, მაშინაც იყო იქ ძალიან მძიმე მოვლენები. საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, აფხაზეთმა კი თქვა, რომ რუსეთის შემადგენლობაში შესვლა უნდა. ყველაფერი იგივე ხდებოდა, იყო სადამსჯელო ოპერაცია, საბრძოლო მოქმედებები. ეს არავის დავიწყებია და ეს ჩვენ არ მოგვიგონია".

"ყველა გვადანაშაულებს სასიკვდილო ცოდვებში, რომ პროვოცირებას ვახდენთ. არაფრის პროვოცირებას არ ვახდენთ. ასე მოხდა, უნდა მოელაპარაკოთ ამ ხალხს. მზად ვართ, ამას ხელი შევუწყოთ. მაგრამ მას შემდეგ, რაც გაფრთხილება ყურად არ იღეს და დაიწყო საბრძოლო მოქმედები, დიახ, რუსეთმა აღიარა მათი დამოუკიდებლობა. უნდა ამოვიდეთ რეალობიდან. შეიძლება, ამ პირობებში რამე გავაკეთოთ? ძალიან ძნელია. პირველ ეტაპზე პოლიტიკური დიალოგია საჭირო და ამას ყველანაირად ხელს შევუწყობთ, მაგრამ რას მოიტანს, ამის თქმა ახლა არ შემიძლია", - განაცხადა ვლადიმირ პუტინმა.

პუტინის თქმით, "სამწუხაროდ, ახლა საქართველოს შიგნით ჩვენ ძალიან ცოტა კონტაქტი გვაქვს. ისინი, პრაქტიკულად, აღარ არსებობენ. მაგრამ იქ პოლიტიკური ბრძოლა არ წყდება, ამას ვხედავთ. თუმცა, საქართველოს ხელისუფლების თხოვნით, რუსულ ბაზარზე ქართული საქონლის მიწოდების ლიბერალიზაცია მოვახდინეთ. ეს გავაკეთეთ საქართველოს თანხმობის სანაცვლოდ რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე, პოლიტიკური უთანხმოებების მიუხედავად. ეს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან კარგი პოლიტიკური ჟესტი იყო და ჩვენ ჩვენი ბაზრის გახსნით ვუპასუხეთ. შემდგომშიც მზად ვართ, ამ მიმართულებთ ვიმოძრაოთ. თუ საქართველოს ხელისუფლება შესაძლებლად ჩათვლის, მოსკოვში საქართველოს ხელისუფლების ნებისმიერი წარმომადგენლის სტუმრობა გაგვიხარდება", - განაცხადა ვლადიმირ პუტინმა.

კომენტარები