- ხვალ საქართველო ევროკავშირთან ასოცირების გზაზე მნიშვნელოვან ნაბიჯს გადადგამს - ევროპარლამენტი ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაციას უყრის კენჭს. დღეს საღამომდე საქართველოს მთავრობის არცერთი წარომადგენელი არ აპირებდა რატიფიცირებაზე დასწრებას, თუმცა დღის ბოლოს საგარეო უწყებამ გაავრცელა განცხადება, რომ სტრასბურგში საგარეო საქმეთა მინისტრი გაემგზავრება.
სხდომას საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაესწრებიან.
- დღეს ხმაურით ჩაიარა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო ხელმძღვანელის პრესკონფერენციამ - საყდრისის საბადოზე სამუშაოების გაგრძელების მოწინააღმდეგეები პრესკლუბ კვირაში მივიდნენ და ნიკოლოზ ანთიძის დასჯა მოითხოვეს. მათი თქმით, ანთიძის გადაწყვეტილება უკანონი იყო. თავად კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელი ამბობს, რომ საყდრისი- ყაჩაღიანის მონაკვეთზე ახალი არქეოლოგიური ნიმუშების აღმოჩენა მოსალოდნელი აღარ არის.
- ეროვნული ბანკის მონაცემებით დღეს ერთი დოლარი 1,91 ლარი ღირს.
ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურების ერთ-ერთი მიზეზი ნოემბრის თვეში ექსპორტის შემცირებაა, რომელიც გასული წელთან შედარებით 35%-ით ნაკლებია, ასევე ნოემბრის თვეში16%-ით არის შემცირებული საერთაშორისო ფულადი გზავნილების მოცულობა, რაც ქვეყანაში უცხოური ვალუტის შემოდინების მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს. უცხოური ვალუტის შემოდინება ეროვნული ვალუტის სიმყარეზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს.
- რუსეთში კი ეკონომიკური კრიზისისთვის ემზადებიან - მთავრობა ეკონომიკის გადასარჩენად საგანგებო ზომებზე მუშაობს, მოსახლეობა კი დანაზოგის გადარჩენას ცდილობს და სხვადასხვა ნივთებს ყიდულობს. მოსკოვში საიუველირო და ტექნიკის მაღაზიებთან რიგებია.




