უკრაინის კრიზისი

პოროშენკომ, პუტინმა და მერკელმა უკრაინაზე ახალ მოლაპარაკებას მხარი დაუჭირეს

AFP

უკრაინაში შექმნილი მდგომარეობა უკრაინის, რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა და გერმანიის კანცლერმა სატელეფონო საუბრისას განიხილეს. პეტრო პოროშენკოს პრესსამსახურის ცნობით, საუბარი სამშვიდობო შეთანხმების შესრულებას და ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს შეეხო. პეტრო პოროშენკომ, ვლადიმირ პუტინმა, ფრანსუა ოლანდმა და ანგელა მერკელმა მინსკის შეთანხმების ყველა პუნქტის შესრულებას და კვირის ბოლომდე სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფის ფორმატში ახალი მოლაპარაკების გამართვას დაუჭირეს მხარი.

განცხადება უკრაინაში არსებულ სიტუაციაზე შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა გააკეთა. ჯონ კერის თქმით, ბოლო დროს სიტუაციის გაუმჯობესების ნიშნები გაჩნდა.

"მინდა, ვთქვა, რომ ბოლო დღეებში რუსეთმა კონსტრუქციული ნაბიჯები გადადგა, არის რაღაც ნიშნები იმისა, რომ მოლაპარაკებები შედგება. რიგ ადგილებში სიტუაცია დამშვიდდა, გარკვეული ადამიანები უკრაინიდან გაიყვანეს. იმედი გვაქვს, ეს ყველაფერი სარგებელს მოიტანს. არა მგონია, ეს მხოლოდ სანქციების მოქმედებას უკავშირდებოდეს. ეს უფრო რთული საკითხია, ამაში, როგორც ჩანს, დიდი როლი ნავთობის ფასებმა, სხვადასხვა ფაქტორების კომბინაციამ ითამაშა. მაგრამ სანქციებმა აშკარად უბიძგა პრეზიდენტ პუტინს გარკვეული ვარიანტი აერჩია", - თქვა კერიმ.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ დოკუმენტს კვირის ბოლომდე მოაწერს ხელს. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯონ ერნესტმა განაცხადა. ობამა ხელს მოაწერს კონგრესის მიერ დამტკიცებულ კანონს უკრაინის მხარდაჭერის შესახებ, რომელიც ძირითადად რუსეთის სამხედრო მრეწველობის წინააღმდეგ ახალ სანქციებს ითვალისწინებს.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები სანქციების მეშვეობით რუსეთში რეჟიმის ცვლილების მიღწევას ცდილობს. სერგეი ლავროვის განცხადებით, ამის სასარგებლოდ ბევრი რამ მეტყველებს და ბევრი პოლიტიკოსი ამ მიზანს არც მალავს. ამავე დროს, ლავროვის თქმით, რუსეთი სანქციებით გამოწვეულ სირთულეებს გაუძლებს და კიდევ უფრო გაძლიერდება.

კომენტარები