საყდრისი-ყაჩაღიანი

კულტურის მინისტრი საყდრისზე: ჩემს ბრძანებას აფეთქებებთან კავშირი არ აქვს

facebook.com/culturegovge

მიხეილ გიორგაძის თქმით, მის გადაწყვეტილებას საყდრისის აფეთქებასთან საერთო არ აქვს, არამედ საყდრისისთვის ძეგლის სტატუსის მოხსნას ეხება, რაც სამართლებრივად გამართული, თუმცა შინაარსობრივად არა იდეალური, არამედ ოპტიმალური გამოსავალი იყო.

“ჩემს მიერ გამოცემულ ბრძანებას აფეთქებებთან არანაირი კავშირი არ აქვს. ის ეხებოდა ძეგლის სტატუსის მოხსნის საგანს. ეს იყო სამართლებრივად ყველა კანონით გათვალისწინებული პროცედურის სრული დაცვით მიღებული გადაწყვეტილება. შინაარსობრივად, ვფიქრობ, რომ ეს არ იყო იდეალური გამოსავალი, თუმცა იმ ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე და დოკუმენტური მასალის გათვალისწინებით, რაც საბჭოს ხელთ ჰქონდა და ასევე იმ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალოსწინებით, რომელიც ბოლნისის რაიონში ჩამოყალიბდა, ეს იყო ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტილება,” - ამის შესახებ კულტურის მინისტრმა გადაცემა არჩევანში ისაუბრა.

მინისტრის თქმით, სამინისტროს მიმართ არსებული ბრალდება, რომ გადაწყვეტილება ძეგლის სტატუსის მოხსნის შესახებ ნაჩქარევად და ფარულად მოხდა, უსაფუძვლოა, რადგან პროცესი თვეების მანძილზე მიმდინარეობდა და მასში რამდენიმე მსხვილი ინსტიტუცია იყო ჩართული.

“ეს იყო მთელი პროცესი რომელიც თვეებზე იყო გაწელილი და მასში ძალიან მსხვილი ინსტიტუციები იყო ჩართული თავისი ადამიანური რესურსებით.
ამის დამალვა პრაქტიკულად შეუძლებელი იქნებოდა. მაშინ, ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ რამოდენიმე სახელმწიფო ინსტიტუციამ პირი შეკრა და მთელი ეს მსჯელობა თუ კორესპონდენცია ამ საკითხის გარშემო ისე მოახერხა, რომ კონკრეტული წრის გარდა ამის შესახებ არავის არ გაუგია, რაც პრაქტიკულად შეუძლებელია,” - აღნიშნა მინისტრმა.

ბრალდების საპასუხოდ, რომლის მიხედვით დასკვნა, რის საფუძველზეც სამინისტრომ საყდრისისთვის ძეგლის სტატუსის მოხსნის გადაწყვეტილება მიიღო, მიკერძოებული ექსპერტების მიერ იყო დადებული, მინისტრმა თქვა, რომ სახელმწიფოს მიერ მოწვეული ექსპერტი არ შეიძლება იყოს მიკერძოებული.

“ნებისმიერი ექსპერტი, ადგილობრივი თუ საერთაშორისო, რომელიც მოწვეულია სახელმწიფო დაწესებულების მიერ, არის დამოუკიდებელი ექსპერტი.  ექსპერტის დამოკიდებულებასა და მიკერძოებულობაზე, ალბათ, საუბარი შეიძლება იყოს , ისიც მხოლოდ დაშვებით, თუ ის რომელიმე კერძო პირმა ან სტრუქტურამ მოიწვია და დაიქირავა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეჭვი შეიძლება შევიტანოთ ნებისმიერი ექსპერტის საქმიანობაში, მოტივაციაში ან კომპეტენციაში და ვერანაირი საკითხი, მსხვილი თუ წვრილი, ვერ გადაწყდება,” - თქვა მიხეილ გიორგაძემ.

კომენტარები