თეორემა

საყდრისი - აფეთქებული ისტორია, იგნორირებული სასამართლო და კორუფცია

ორი დღის წინ, კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებით საყდრისი-ყაჩაღიანის ოქროს მომპოვებელი მაღარო ააფეთქეს. საერთაშორისო ექსპერტები ფიქრობენ, რომ ეს ძეგლი ადრეული ბრინჯაოს ხანას განეკუთვნებოდა და ვარაუდობენ, რომ ის ანალოგიურ ეგვიპტურ ძეგლებზე 1000 წლით ძველი იყო.

ამ ობიექტს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის სტატუსი 2006 წელს, გოკა გაბაშვილის მინისტრობისას მიენიჭა.

ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, საყდრისი-ყაჩაღიანის მაღაროს არათუ ძეგლის სტატუსი მოუხსნეს, არამედ საქმე პროკურატურაშიც გადააგზავნეს - ამტკიცებდნენ, რომ სტატუსის მინიჭება კანონდარღვევით მოხდა.

"სახელმწიფოებრივი აზროვნების წინააღმდეგ გაკეთებული ყოვლად გაუმართლებელი ქმედება" - ასე შეაფასა საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა საქართველოს ხელისუფლების გადწყვეტილება, რომლის საფუძველზეც ოქროს მომპოვებელმა კომპანია RMG–GOLD-მა საყდრისი ყაჩაღიანის საბადო ააფეთქა და დაგმო ის ადამიანები, ვინც საყდრისი იავარქმნა.

ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებას კორუფციაში ადანაშაულებს და უძველესი ისტორიული ძეგლის აფეთქებას ივანიშვილის და მისი საყვარელი დეიდაშვილის, უჩა მამაცაშვილის კერძო ფინანსური ინტერესით ხნის.

ოპოზიციის ბრალდებას საფუძველს ის ფაქტი უმაგრებს, რომ კომპანია RMG-GOLD-ის მენეჯმენტში ივანიშვილის ახლო გარემოცვის წევრები არიან დასაქმებულნი.

კორუფციულ გარიგებასა და სასამართლოს უგულებელყოფაზე საუბრობს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. არსებობს სასამართლო განჩინება, რომლის მიხედვითაც სამთო სამუშაოების განხორციელების ნებართვა შეჩერებულია. თუმცა კულტურის სამინისტრომ სასამართლო არად ჩააგდო და საზოგადოებისგან მალულად RMG-GOLD-ს ძეგლის აფეთქების უფლება მისცა.

კულტურის მინისტრი, ბატონი მიშა გიორგაძე ამბობს, რომ ისტორიული ძეგლი კანონის სრული დაცვით აფეთქდა და პირობას დებს, რომ ამ ყველაფერს პატრიარქს აუხსნის.

გადაცემის სტუმრები: საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი და RMG GOLD-ის იურისტი, არჩილ კბილაშვილი, კულტურის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი, ნაციონალური მოძრაობის წევრი ლევან თახნიშვილი, ხელოვნებათმცოდნე თამარ ამაშუკელი, არქეოლოგი გოდერძი ნარიმანაშვილი და იურისტი სულხან სალაძე.

კომენტარები