ზურაბ ჟვანიას საქმე

ჟვანიას საქმეზე ბრალდებული მიხეილ ძაძამია გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე დაკავებული მიხეილ ძაძამია პატიმრობიდან გათავისუფლდა. ჟვანიას დაცვის ცვლის ყოფილი უფროსი მოსამართლე ეკა არეშიძემ 2000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გუშინ გაათავისუფლა. აღსანიშნავია, რომ ძაძამიას წინასწარი პატიმრობის ცხრათვიანი ვადა 21 დეკემბერს გასდიოდა.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ზურაბ ჟვანიას დაცვის ცვლის უფროსი მიხეილ ძაძამია 21 მარტს დააკავა. მას ბრალი ედება სამსახურებრივ გულგრილობაში, რასაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოყვა. 

ძაძამიას გათავისუფლებასთან დაკავშირებით პროკურატურამ განცხადება გაავრცელა:

"ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულ მიხეილ ძაძამიას აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე გირაოთი შეეცვალა.

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად აღკვეთის ღონისძიების სახედ გამოყენებული პატიმრობის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს ცხრა თვეს. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულებმა მ. ძაძამიამ და კ. ხარშილაძემ გამოიყენეს მათთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლება და აირჩიეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო. მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურის მიერ საქმე სასამართლოში განსახილველად დროულად წარიმართა, ნაფიცი მსაჯულების შერჩევის რთული და ხანგრძლივი პროცესის დაწყების გამო ვერ მოხერხდა საქმეზე სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელება.

ნაფიც მსაჯულთა განსჯადობას მიკუთვნებულ სისხლის სამართლის საქმეთა განხილვის დაწყებას მათი შერჩევის პროცედურა აჭიანურებს. როგორც სასამართლო პრაქტიკა ცხადყოფს, შერჩევის სხდომაზე ცხადდება კანდიდატთა 40%, რაც ძალზე მწირი რესურსია ობიექტურ მსაჯულთა შესარჩევად. აღნიშნულიდან გამომდინარე, კანონმდებლობით საჭირო რაოდენობის ნაფიც მსაჯულთა შესარჩევად სასამართლოს უხდება დამატებით არაერთი შერჩევის სხდომის ჩატარება, რაც დაკავშირებულია დროის დიდ დანახარჯებთან. მ.ძაძამიას და კ.ხარშიალძის ბრალდების საქმე სასამართლოში არსებითად განსახილველად წარიმართა ჯერ კიდევ 2014 წლის 17 სექტემბერს, წინასასამართლო სხდომა გაიმართა 22 სექტემბერს. მიუხედავად იმისა, რომ მას შემდეგ სამი თვე გავიდა, დღეის მდგომარეობით სასამართლოს მიერ შერჩეულია მხოლოდ ერთი ნაფიცი მსაჯული, მაშინ როდესაც კიდევ ცამეტი მსაჯულია შესარჩევი. ხსენებულიდან გამომდინარე, ვინაიდან საქმეზე იწურება ცხრა თვიანი საპატიმრო ვადა, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულ ძაძამიას მიმართ გამოყენებული იქნა არასაპატიმრო აღკვეთი ღონისძიება გირაოს სახით.

დღეისათვის ნაფიცი მსაჯულების შერჩევის პროცესი გრძელდება, რის შემდეგაც დაიწყება საქმის არსებითი განხილვა.

მ. ძაძამიას ბრალად ედება სამსახურებრივი მოვალეობების არაჯეროვნად შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც გამოიწვია ზურაბ ჟვანიას გარდაცვალება.
მიხეილ ძაძამიას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია საქართველოს სსკ-ის 342-ე მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4 წლამდე ვადით",-წერია განცხადებაში.

ამასთან, 18 ნოემბერს, 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა ზურაბ ჟვანიას საქმის კიდევ ერთი ბრალდებული, სამედიცინო ექსპერტი ლევან ჩაჩუა. ჩაჩუა სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე 2014 წლის 20 მარტს დააკავეს. პროკურატურის განცხადებით, ჩაჩუამ ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის გვამების გამოკვლევისას გულგრილობა გამოიჩინა და სრულყოფილად არ აღწერა გვამებზე არსებული დაზიანებები. 

კომენტარები