მედიაზე ზეწოლა

NGO-ები სამხრეთ კარიბჭის ჟურნალისტზე ზეწოლის ფაქტის გამოძიებას ითხოვენ

მედიის განვითარების ფონდი(MDF), ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი(TDI) და საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა(GDI) შეშფოთებას გამოთქვამენ გამოცემა "სამხრეთის კარიბჭის" ირგვლივ ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო, რაც სამცხე-ჯავახეთის სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის შესახებ გამოქვეყნებულ მასალას უკავშირდება. არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ პროკურატურას, დაიწყოს გამოძიება ჟურნალისტის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტზე, ხოლო შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ მოიკვლიოს როგორც მუქარის შემთხვევა, ასევე შეისწავლოს ჟურნალისტის სარედაქციო საქმიანობაში ჩარევა. ორგანიზაციები ასევე მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას, უზრუნველყოს "სამხრეთის კარიბჭის" ჟურნალისტების უსაფრთხოება და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტის აღკვეთა და პრევენცია.

"სამხრეთის კარიბჭის რედაქტორის ნინო ნარიმანიშვილის განცხადებით, 8 დეკემბერს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ სტატიას, სათაურით "ბრალდებულის და: "სამხარეოს უფროსმა წიხლები მირტყა, ტანსაცმელი შემომაგლიჯა და გაუპატიურებით დამემუქრა", რედაქციაში შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის თანამშრომლის მხრიდან ზარები და სათაურის შეცვლის მოთხოვნა მოჰყვა, რაც სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევას წარმოადგენს.

თავად სტატიის ავტორის თამუნა უჩიძის განცხადებით კი, მასთან რამდენჯერმე განხორციელებული კომუნიკაცია და "რჩევები", შეეცვალა ინფორმაციის საწყისი ვერსია პოლიციის მხრიდან განხორციელებული ძალადობის შესახებ, მუქარის შემცველი იყო ("თუ მაგალითად დაგაკავებენ შეიძლება შენმა მეგობრებმა, ახლობლემბა, კოლეგებმა ერთი თვე ან თვენახევარი გამართონ აქციები შენს მხარდასაჭერად, მაგრამ შენ საბოლოოდ ცხოვრებას დაგიმახინჯებენ").

დემოკრატიულ საზოგადოებაში მედიას საზოგადოებრივი მეთვალყურის ფუნქცია აკისრია, რაც პირველ რიგში, თავისუფლებისა და თვითმმართველობისთვის აუცილებელი ინფორმაციით მოქალაქეების უზრუნველყოფას გულისხმობს. იმისათვის, რომ მედიამ თავისუფლად და შეუზღუდავად განახორციელოს ხელისუფლების დამოუკიდებელი მაკონტროლებლის ფუნქცია, ჟურნალისტებს საკუთარი პროფესიული მოვალეობების შეუფერხებლად განხორციელების შესაძლებლობა უნდა მიეცეს. ამდენად,

· მოვუწოდებთ საქართველოს მთავარ პროკურატურას, დაიწყოს გამოძიება ჟურნალისტის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტზე, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ, თავის მხრივ, მოიკვლიოს როგორც მუქარის შემთხვევა, ასევე შეისწავლოს ჟურნალისტის სარედაქციო საქმიანობაში ჩარევის ფაქტი;

· მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, უზრუნველყოს "სამხრეთის კარიბჭის" ჟურნალისტების უსაფრთხოება და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტის აღკვეთა და პრევენცია, რაც საქართველოს მთავრობის ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სტრატეგიითა და სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებაა", - წერია არასამთავრობოების განცხადებაში.

კომენტარები