საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნები უკრაინის მთავრობაში

პეტრო პოროშენკომ ეკა ზღულაძეს უკრაინის მოქალაქეობა მიანიჭა

prezident.gov.ua

პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ხელი მოაწერა ბრძანებას ეკა ზღულაძისთვის უკრაინის მოქალაქეობის მინიჭების შესახებ. ამ ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

“მე როგორც პრეზიდენტი, დიდ იმედს ვამყარებ თქვენზე. ვიმედოვნებ, რომ თქვენი უნიკალური როლი ხელისუფლებაში დაგვეხმარება შინაგან საქმეთა სამინისტროს საბჭოური სისტემის ევროპულ სისტემად გარდაქმნაში. იმედი მაქვს, რომ რეფორმის შემდეგ უკრაინელი ინსპექტორები შეწყვეტენ ქრთამის აღებას ისევე, როგორც ეს საქართველოში მოხდა, ” - აღნიშნა პოროშენკომ.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ ქვეყანა ავტომობილების ტექნიკური დათვალიერების საკითხების მოგვარებას და შიდა უსაფრთხოების გამჭვირვალობის უზრუნველყოფასაც შეძლებს.

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის, არსენ ავაკოვის ინფორმაციით, ზღულაძე უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას 15 დეკემბერს დაიკავებს.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე ეკა ზღულაძე საქართველოს ყოფილი მთავრობის მეორე მაღალჩინოსანია, რომელიც უკრაინაში მაღალ თანამდებობაზე დაინიშნება.

შეგახსენებთ, რომ 2 დეკემბერს უკრაინის უმაღლესმა რადამ საქართველოს ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილი უკრაინის ჯანდაცვის მინისტრად დაამტკიცა.

კომენტარები