საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნები უკრაინის მთავრობაში

ჰოვარდი: სააკაშვილი არა მხოლოდ უკრაინას არამედ საქართველოსაც ეხმარება

news.az

ოდესის გუბერნატორის თანამდებობაზე დათანხმებით, სააკაშვილი არა მხოლოდ უკრაინას არამედ საქართველოსაც ეხმარება - ამის შესახებ ჯეიმსტაუნის ფონდის პრეზიდენტმა გლენ ჰოვარდმა ამერიკის ხმისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

ჰოვარდის თქმით ქართველებმა უკრაინელებს სამხედრო დახმარება უნდა გაუწიონ და აგვისტოს ომში მიღებული გამოცდილება გაუზიარონ. მისი თქმით, უკრაინის არმიას გამოცდილება არ აქვს, ქართველ ჯარისკაცებს კი სამხედრო წვრთნები დასავლეთის ქვეყნების საუკეთესო დანაყოფებისგან აქვთ მიღებული, მათ შორის ამერიკის საზღვაო ქვეითებისა და ნატოს დანაყოფებისგან. ჰოვარდს მიაჩნია, რომ უკრაინელებს ასეთი სახის დახმარება სწორედ ახლა სჭირდებათ.

„ოდესა სააკაშვილისთვის დიდი გამოწვევა იქნება, მაგრამ, ჩემი აზრით, ყოფილი პრეზიდენტი ყოველთვის რისკზე მიდის. [...] და ამ რისკზე წასვლამ შეიძლება პოლიტიკურად გაამართლოს. ქართველები უკვე თამაშობენ დიდ როლს უკრაინის მთავრობაში. სააკაშვილის მიერ საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმა ძალიან დიდი ამბავია. მაგრამ, არ დაგვავიწყდეთ ის, რომ უკრაინას დიდი მნიშნველობა აქვს საქართველოსთვის და ამ ორი ქვეყნის მომავალი ერთმანეთზეა გადაბმული." - განაცხადა ჰოვარდმა.

ჰოვარდს მიაჩნია, რომ სააკაშვილის ოდესაში დანიშვნით ოდესა პუტინისთვის უფრო მიმზიდგელი სამიზენა არ გახდება, რადგან ოდესა ოფიციალური მოსკოვისთვის ისედაც სამიზნეა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ 2008 წელს საქართველომ რუსეთთან ომი წააგო, სააკაშვილის მიერ ამ კონფლიქტის დროს მიღებული გამოცდილება უკრაინას დღეს ძალიან სჭირდება:

„როდიდან ვნიშნავთ ადამიანებს თამამდებობებზე იქიდან გამომდინარე თუ რამდენად ახლოს მეგობრობენ ისინი პუტინთან? არ მგონია პრეზიდენტ პუტინს რაიმე არჩევანი აქვს იმაში, თუ ვინ დაინიშნება უკრაინაში რა თანამდებობაზე. ეს სუვერენული ქვეყნის გადასაწყვეტია. ცხადია, ამით პუტინი გაღიზიანდება, მაგრამ ის უკვე აწარმოებს სამხედრო ოპერაციას აღმოსავლეთ უკრაინაში. ამით [სააკაშვილის დანიშვნით] შეიცვლება რამე? ამერიკის სამხედრო გემები უკვე არიან შავის ზღვის რეგიონში. ამით არაფერი შეიცვლება. პოროშენკო მუშაობის პროცესში სწავლობს მუშაობას. მას დახმარება და რჩევები სჭირდება. სააკაშვილმა რუსეთთან ომი მოიგო თუ არა ეს არ არის მთავარი. მთავარი ისაა, რომ მან კონფლიქტის დროს გამოცდილება მიიღო. პოროშენკოს სჭირდება ხალხი, რომლებსაც შეუძლიათ აიღონ ტელეფონი და დაურეკონ შვედეთის ყოფილ პრემიერმინისტრს, ვიცე პრეზიდენტ ჯო ბაიდენს და მათი ყურადღება მიიპყრონ." - განაცხადა ჰოვარდმა.

კომენტარები