საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნები უკრაინის მთავრობაში

საგანელიძე: უკრაინაში დანიშვნები ჩვენს ურთიერთობებში გარკვეულ ხინჯს გააჩენს

დავით საგანელიძე
primerinfo.ge

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით საგანელიძე თვლის, რომ უკრაინაში ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების დანიშვნა ორი ქვეყნის ურთიერთობებში ხინჯს გააჩენს.

”უკრაინა, რომელიც არის ჩემთვის ძალიან საყვარელი და მართლაც საამაყო მეზობელი ქვეყანა, ნამდვილად იმსახურებს უკეთეს მინისტრებს. ვწუხვარ, რომ ამხელა მოსახლეობაში ვერ დაინახეს მართლა ძალიან ბევრი ღირსეული, ვინც შეიძლება იყოს. რამდენიც არ უნდა ვეცადოთ ჩვენ რომ არ შევიმჩნიოთ, ეს გარკვეულ ხინჯს ჩვენს ურთიერთობებში გააჩენს,“ - აღნიშნა დავით საგანელიძემ.

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა პრეზიდენტ პოროშენკოს ეკა ზღულაძისთვის უკრაინის მოქალაქეობის მინიჭების შუამდგომლობით მიმართა. არსენ ავაკოვის ინფორმაციით ზღულაძე უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას 15 დეკემბერს დაიკავებს.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე ეკა ზღულაძე საქართველოს ყოფილი მთავრობის მეორე მაღალჩინოსანია, რომელიც უკრაინაში მაღალ თანამდებობას დაიკავებს.

შეგახსენებთ, რომ 2 დეკემბერს უკრაინის უმაღლესმა რადამ საქართველოს ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილი უკრაინის ჯანდაცვის მინისტრად დაამტკიცა.

კომენტარები