- შინაგან საქმეთა მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს. პირველი მოადგილის, ირაკლი ღარიბაშვილის კადრის, გიორგი ზედელაშვილის გადადგომა პრემიერმა თავად დღეს დაადასტურა. ზედელაშვილი პირველი არ არის მათ შორის, ვინც ღარიბაშვილისა და თამაზ თამაზშვილის კადრებად მოაზრებოდნენ და პოსტები დატოვეს - იგივე მოხდა ზვიად ჯანყარიშვილის, სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს უფროსისა და გურიის გუბერნატორის შემთხვევაში. თავად ღარიბაშვილი საკადრო ცვლილებებს შიდა უწყებრივ გადაადგილებებს უწოდებს.
- სამხრეთ კავკასიაში ეუთოს სპეციალური წარმომადგენლის ჟოაო სოარესის აზრით, წინა ხელისუფლების წარმომადგენლების საქმეების გამოძიებას პოლიტიკური ხასიათი აქვს. სოაერსმა თავისი შეშფოთება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს წერილით გაუზიარა
- ცხინვალის მარიონეტ რეჟიმი რუსეთთან შეერთების შესაძლებლობაზე ლაპარაკობს - თიბილოვი რუსეთს სთავაზობს, ეს შესაძლებლობა გაითვალისწინოს ინტეგრაციის შესახებ ე.წ. ხელშეკრულებაში, რომელსაც ხელი მალე უნდა მოეწეროს. თიბილოვის განცხადებას ტრადიციულად „მიუღებელს“ და შემაშფოთებელს უწოდებენ თბილისში.
- ამერიკის შეერთებული შტატების მომავალი წლის ბიუჯეტში, საგარეო სამხედრო დაფინანსების პროგრამის ფარგლებში, შესაძლოა, საქართველოსთვის გათვალისწინებული 30 მილიონი დოლარი მოხვდეს - ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს. სამინისტროსვე ცნობით, „ევროპის მხარდაჭერის ინიციატივის" ფარგლებში, 57 მილიონი დოლარი გამოიყოფა უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვასთვის დახმარების გაზრდის მიზნით.
- ოფიციალური მოსკოვი საქართველოს ნატოსთან ურთიერთობით შეშფოთებულია. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჟენევაში გამართული მოლაპარაკაბების მორიგი რაუნდი შეაჯამა - სერგეი ლავროვის უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ გარემოებების გათვალისწინებით უსაფრთხოების საკითხები დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
ფოკუსი




