ფოკუსი

10 დეკემბერი,2014

- პროკურატურა თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებულ შესყიდვებს სწავლობს. დახარჯული თანხების მიზნობრიობით საკრებულოს სარევიზიო კომიტეტშიც დაინტერესდნენ. ის, რომ რომ საქართველოს მთავარი პროკურატურა თბილისის მერიაში შევიდა, გუშინ საღამოს გახდა ცნობილი. ჟურნალისტები გვიანობამდე ელოდებოდნენ ოფიციალურ განცხადებას. თავად ქალაქის მერი, დავით ნარმანია, საქართველოში არ იმყოფება.

- ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმა საქართველოსთან დაკავშირებით ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ მართლმსაჯულების სისტემა სამართლიანი სასამართლოს უფლებას ვერ უზრუნველყოფს. ეუთო წინა ხელისუფლების 14 წარმომადგენლის სასამართლო პროცესს აკვირდებოდა, მსგავსი დასკვნა სწორედ ამ დაკვირვების შედეგია. ანგარიშში ხაზი გასმული აქვს ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევას, როდესაც ქართული ოცნების კოალიციის წევრები უკვე დამნაშავეებად აცხადებდნენ ჯერ კიდევ საბრალდებო სკამზე მჯდარ ადამიანებს.

- ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის ანგარიშს ქართულ პოლიტიკურ სპექტრშიც გამოეხმაურნენ - მთავრობის წევრები და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ამბობენ, რომ ძირითადად შენიშვნები სასამართლო ხელისუფლებისკენაა მიმართული.

- დღეს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეა - სახალხო დამცველმა და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მთელი წელი შეაფასეს. უჩა ნანუაშვილის ოფისის ანგარიშში ნეგატიურ ტენდენციებად შეფასებულია ქალთა მიმართ ძალადობის მასშტაბები და ხელისუფლების რეაქცია ქობულეთსა და მოხეში მუსლიმური თემის მიმართ დისკრიმინაციისა და ძალადობის ფაქტების მიმართ.
ახალგაზრა იურისტთა ასოციაციამ ძირითად პრობლემად გამოწვევებზე ხელისუფლების არაეფექტური რეაგირება დაასახელა.

- პრემიერ ღარიბაშვილის ინიციატივით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლოა უშიშროების სამსახურები გამოეყოს. ამ თემაზე სპეციალური სამუშაო ჯგუფიც შეიქმნება.

კომენტარები