საქართველოს სახალხო დამცველის შეფასებით, შინაგან საქმეთა სამინისტროდან უსაფრთხოების სამსახურის გამოყოფა მისაღებია. უჩა ნანუაშვილი მიიჩნევს, რომ სამინისტროს დაყოფა სხვადასხვა ფუნქციის შესაბამისად სისტემას უფრო დაბალანსებულს გახდის.
"წლების განმავლობაში პრობლემას წარმოადგენდა ის, რომ სისტემა იყო ძალიან მონოლითური და დიდი. შესაბამისად, ალბათ, იმის საჭიროება, რომ ეს უკანასკნელი დაიშალოს რამდენიმე სტრუქტურად, ვფიქრობ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. რაც უფრო მეტად ბალანსირებული იქნება სისტემა და უფრო მეტი ელემენტი გაჩნდება სისტემის სამოქალაქო მონიტორინგისა, ჩვენ უფრო მეტად შევძლებთ დაახლოებას იმ სტანდარტებთან, რისკენაც მივისწრაფვით,“ - განაცხადა სახალხო დამცველმა კურიერთან საუბრისას.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლოა უსაფრთხოების ბლოკი გამოეყოს და უსაფრთხოების სააგენტოდ ჩამოყალიბდეს - ინიციატივა საქართველოს პრემიერმინისტრს ეკუთვნის. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, შესაძლოა, უსაფრთხოების სააგენტოში სპეცსამსახურები შევიდნენ, პოლიცია კი ცალკე იყოს, თუმცა ცვლილებები ჯერ იდეის დონეზე განიხილება. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილმა უფროსმა, მალხაზ ჩიკვილაძემ თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. სუს-ის უფროსად მირიან მჭედლიშვილი დაინიშნა. საპარლამენტო უმცირესობის შეფასებით, "ივანიშვილმა სუს-ის უფროსად დანიშნა თავისი კერძო ფინანსისტი ანუ რეალურად, ეს იყო შიდაოჯახური გარჩევა, სადაც გაიტყიპნენ ზოგიერთები და დაინიშნა კონტროლი". როგორც გივი თარგამაძემ გადაცემა თეორემაში თქვა, ივანიშვილმა "სუს-ის ფუნქციებიც კი გაწირა ნაწილობრივ, ვინაიდან ფინანსისტმა რა იცის სუს-ის მუშაობა, მაგრამ ის დააკვირდება ფინანსურ ნაკადს, როგორ მოძრაობს ფული და დაექვემდებარება ივანიშვილის კონტროლს".





