ეუთო-ს დასკვნა

ეუთო: სამართლიანი სასამართლოს უფლებას საქართველო ვერ უზრუნველყოფს

stoelearning.org

საქართველოს მართლმსაჯულების სისტემა სამართლიანი სასამართლოს უფლებას ვერ უზრუნველყოფს - ამის შესახებ ნათქვამია ეუთო-ს დემოკრატიულ ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) ანგარიშში, რომელიც საქართველოში ყოფილ მაღალჩინოსანთა სასამართლო პროცესების მონიტორინგის შედეგებს ეძღვნება.

როგორც 116 გვერდიანი დოკუმენტის შესავალშია აღნიშნული, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსანთა გასამართლების ტალღამ წარმოშვა შეშფოთება, რომ ამ პირთა პროცესები შესაძლოა პოლიტიკურად მოტივირებული ყოფილიყო. ეუთო-ს წინაშე აღებული ვალდებულებების ფარგლებში საქართველოს ეს პროცესები კანონის უზენაესობისა და სამართლიანი სასამართლოს უფლების დაცვით უნდა წარემართა. ამ მიზნით ეუთომ ყოფილ თანამდებობს პირთა 14 საქმის მონიტორინგი განახორციელა.

მონიტორინგის შედეგად მისიამ არაერთი დარღვევა აღმოაჩნია სხვადასხვა მიმართულებით. მათ შორისაა დამოუკიდებელი სასამართლოს მიერ გასამართლების უფლება, საზოგადოების ნდობა სისხლის სამართლის სისტემის მიმართ, საკუთარი თავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის უფლება, დაცვის უფლება, გონივრულ ვადაში გასამართლების უფლება და ა. შ.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სასამართლო პროცესებზე სისტემატურად ირღვეოდა უდანაშაულობის პრეზუმფცია, რასაც ხელისუფლების წარმომადგენლები უწყობდნენ ხელს აცხადებდნენ რა დამნაშავეებად ბრალდებულებს, მანამდე, სანამ სასამართლო გადაწყვეტილებას გამოიტანდა.

ანგარიშში ნათქვამია, რომ საერთაშორისო სტანდარტებს არ შეესაბამება წინასწარი პატიმრობის რუტინული პრაქტიკა. პროცესის დროს ბრალდებულებს ათავსებდნენ შუშის ჯიხურში, რაც ზღუდავდა მათ უფლებას კომუნიკაცია ჰქონოდათ ადვოკატთან. ასევე ლახავდა მათ ღირსებას.

გარდა ამისა, სისტემატურად ჭიანურდებოდა პროცესები, რაც პოლიტიკური ჩარევის შთაბეჭდილებას ტოვებდა.ბრალდებულები ასევე ვერ სარგებლობდნენ სათანადო დაცვის უფლებით.

„კონკრეტული სასამართლო პროცესების სიძნელეებზე ზემოხსენებული დაკვირვების შედეგად შესაძლებელია დასკვნის გამოტანა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემა, მოცემულ შემთხვევებში, სრულად ვერ უზრუნველყოფს სამართლიანი სასამართლოს უფლების განხორციელებას. მართალია, გამოვლენილი ნაკლოვანებებიდან ბევრი ცალკე აღებული შემთხვევა შესაძლოა არ იყოს განხილული სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევად, მაგრამ ამ ცალკეული ნაკლოვანებების, ასევე ეროვნული კანონმდებლობის ხარვეზების და, როგორც წესი პრობლემური სასამართლო პრაქტიკის კომბინაცია საფრთხეს უქმნის სამართლიანი სასამართლოს უფლების დაცვას საერთაშორისო სტანდარტებისა და ადამიანის უფლებების სფეროში მიღებული კანონმდებლობის შესაბამისად", - ნათქვამია ანგარიშში.

კომენტარები