ეუთო-ს დასკვნა

ზურაბ აბაშიძე: გვქონდა განცდა, რომ ეუთო-ს დასკვნა კრიტიკული იქნებოდა

timer.ge

თავისუფალი დემოკრატების წევრის, ზურაბ აბაშიძის თქმით, მის გუნდს ჰქონდა განცდა, რომ ეუთო-ს დასკვნა კრიტიკული იქნებოდა, თუმცა ხელისუფლებაში ყოფნისას ამაზე ღიად არ საუბრობდნენ.

“მე ცოტა ხნის წინ გახლდით ხელისუფლების წარმომადგენელი და ჩვენ გვქონდა განცდა, რომ ესეთი კრიტიკული დასკვნა იქნებოდა. ჩვენ დავდივართ საზღვარგარეთ, ვხვდებით სხვადასხვა ორგანიზაციების, მათ შორის ეუთო-ს წარმომადგენლებს. ჩვენ ვხედავდით, რომ ეს განცდები არ იყო ერთგვაროვანი, რომ ამ ქვეყანაში ყველაფერი არის იდეალურად. უბრალოდ ჩვენ ამაზე ღიად არ ვსაუბრობდით, იმიტომ, რომ ვიყავით ხელისუფლებაში, გვქონდა ჩვენი ვალდებულებები და გვინდოდა იქ შიგნით ეს ხმა ძალიან მკვეთრად გამოგვეხატა.  მათ შორის, პროკურატურის პოლიტიზირებასთან დაკავშირებითაც, რაც ეუთო-ს დასკვნაში საკმაოდ მკვეთრადაა დაფიქსირებული. სწორედ ეს იყო ჩვენი ვნებათაღელვის საგანი. ჩვენ ამაზე ხშირად ვსაუბრობდით, რა თქმა უნდა,  დახურულ ფორმატში. ამას არ ვაკეთებდით აფიშირებით, საზოგადოების ინფორმირებით, მაგრამ ბუნებრივია, ამაზე ხშირად ვსაუბრობდით,” - თქვა აბაშიძემ გადაცემა არჩევანში.

ზურაბ აბაშიძემ ხაზი იმასაც გაუსვა, რომ მისი აზრით,  ეუთო-ს დასკვნა აბსოლუტურად ადეკვატურია.

“მე ვფოქრობ რომ ეს აბსოლუტურად ადეკვატური დასკვნაა იმისა, რაც ხდება დღეს ქვეყანაში და კიდევ ერთხელ აშკარად გამოიტანა ის საკითხები, რომლებიც მომავალში უნდა იყოს გათვალისწინებული, თუ ამის ნება გააჩნია დრევანდელ მთავრობას,” - აღნიშნა აბაშიძემ.

შეგახსენებთ, რომ  ეუთო-ს დემოკრატიულ ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) ანგარიშში, რომელიც საქართველოში ყოფილ მაღალჩინოსანთა სასამართლო პროცესების მონიტორინგის შედეგებს ეძღვნება, აღნიშნულია, რომ საქართველოს მართლმსაჯულების სისტემა სამართლიანი სასამართლოს უფლებას ვერ უზრუნველყოფს. დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოს თანამდებობის პირების კომენტარები სასამართლო პროცესების შესახებ მართლმსაჯულების სისტემისადმი საზოგადების ნდობას ასუსტებს.

ცნობისთვის, ზურაბ აბაშიძემ ქართული ოცნება მას შემდეგ დატოვა, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა თავისუფალი დემოკრატების ლიდერი და მაშინდელი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია თანამდებობიდან გადააყენა.

კომენტარები