ლარის კურსი

პრემიერი: ჩვენი ოპონენტები თესავდნენ პანიკას, რამაც გავლენა იქონია ლარის კურსზე

ირაკლი ღარიბაშვილი
facebook.com/GaribashviliOfficial

საქართველოს პრემიერმინისტრის შეფასებით, ლარის კურსთან დაკავშირებით მოვლენები განვითარდა ისე, როგორც აცხადებდა მთავრობა და ლარმა გამყარება დაიწყო. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა, "იმან, რომ ჩვენი ოპონენტები საგანგებოდ თესავდნენ პანიკას, მიზანმიმართულად და ხელოვნურად შექმნეს აჟიოტაჟი მოსახლეობაში, საკმაოდ დიდი ზეგავლენა იქონია ლარის კურსზე". მისი თქმით, ლარის კურსის "ასეთი სწრაფი ტემპით არაადეკვატურ ნიშნულამდე დასვლა სწორედ ამას უკავშირდება". 

საქართველოს პრემიერის მტკიცებით, ლარის კურსის დაცემა გამოიწვია იმან, რომ დოლარი გამყარდა ყველა ვალუტის, მათ შორის ევროს მიმართ. მისივე თქმით, "ასევე უნდა აღინიშნოს რეგიონში არსებული რთული ეკონომიკურ-პოლიტიკური ვითარება, რამაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ჩვენს სავაჭრო ბალანსზე".

"ჩვენი ოპონენტები და ზოგიერთი ექსპერტი ამბობდა, თითქოს ლარის კურსის გაუფასურება საგარეო ინვესტიციების შემცირებამ გამოიწვია, დღეს პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე გამოქვეყნებული მონაცემები ცხადყოფს, რომ ეს იყო მიზანმიმართული ტყუილი და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა და აღნიშნა, რომ ბიუჯეტიდან ხარჯები გაიწევა გაწერილი გეგმის მიხედვით.

"ეს არ იქნება გადასახადების სახით ამოღებულ თანხაზე მეტი. ბიუჯეტის დეფიციტი იქნება 3.5%-ზე ნაკლები, ნაცვლად დაგეგმილი 3.7%-სა. შესაბამისად, ეს ფაქტორიც არ მოახდენს ზეგავლენას ლარის კურსზე, რასაც ჩვენი ოპონენტები უპასუხისმგებლოდ გვიმტკიცებდნენ. საქართველოში არის მცურავი გაცვლითი კურსი, რაც ეკონომიკისთვის ყველაზე ოპტიმალური რეჟიმია, შესაბამისად, კურსის ცვლილება ხდება ხან ერთი, ხან მეორე მიმართულებით. გაუფასურებას მოყვება გამყარება და პირიქით", - განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები