გამოსახლება

ისანში მცხოვრებ დევნილთა ნაწილი სამინისტროს პირობებს კვლავ აპროტესტებს

ისნის რაიონში, ყოფილი სამხედრო ჰოსპიტალის ტერიტორიაზე მცხოვრები დევნილები სამინისტროს მიერ შეთავაზებულ პირობებს კვლავ აპროტესტებენ და  საცხოვრებლის დატოვებაზე უარს აცხადებენ. ყოფილი სამხედრო ჰოსპიტალის შენობაში დაახლოებით 200 ოჯახი ცხოვრობს, მათგან 60 დევნილია, დანარჩენი კი სოციალურად დაუცველი. დევნილთა და განსახლების სამინისტრო დევნილებს 3 თვით საცხოვრებლის შეცვლას და ქირის გადახდას სთავაზობს. სამინისტროს წარმომადგენლის რევაზ ქობალიას თქმით, ჰოსპიტალის შენობის გარემონტების შემდეგ, დევნილები ცხოვრებას გაუმჯობესებულ პირობებში გააგრძელებენ. დევნილთა ნაწილი აღნიშნულ წინადადებას დათანხმდა, ნაწილს კი მისი არ სჯერა.

დღეს მათთან ნაციონალური მოძრაობის წევრი, თბილისის მერობის კანდიდატი, ნიკა მელიაც იმყოფებოდა. მისი თქმით, სამინისტრო იტყუება, რადგან შენობის შესასვლელში გამოკრულია აბრა ნარწერით "იყიდება".

შეთავაზება ბინის ქირის გადახდის შესახებ მხოლოდ დევნილებს ეხებათ. დევნილთა და განსახლების მინისტრის მოადგილის შოთა რეხვიაშვილის თქმით, შენობაში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ადამიანები მისი სამინისტროს ბენეფიციარები არ არიან.

დევნილების საკითხს სახალხო დამცველიც გამოეხმაურა. ომბუდსმენი თბილისის მერიას და ისნის რაიონის გამგეობას მოუწოდებს, სოციალურად დაუცველი ოჯახების უსახლკარობის ფაქტი შეისწავლონ და მათ დაეხმარონ. სახალხო დამცველისვე განცხადებით, აუცილებელია დევნილთა და განსახლების სამინისტრომ მოლაპარაკებები გააგრძელოს იმ დევნილებთან, რომლებიც ამ ეტაპზე შენობის დატოვებაზე უარს აცხადებენ, რათა პროცესი კანონის დაცვით განხორციელდეს. 

სოციალურად დაუცველების საკითხზე თბილისის მერიაში დღეს 20:00-ზე იმსჯელებენ.

კომენტარები