ჟენევის მოლაპარაკებები

ჭიაბერაშვილი: ამ მთავრობის გამო ჟენევის მოლაპარაკებებში პოზიციები დავკარგეთ

ნაციონალური მოძრაობის წევრის ზურაბ ჭიაბერაშვილის განმარტებით, ჟენევის ფორმატის გაგრძელება საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მისივე თქმით, ამ ორი წლის განმავლობაში მოლაპარაკებებში ქართულმა მხარემ პოზიციები დაკარგა, რის გამოც ჭიაბერაშვილი მთავრობას არაკომპეტენტურობაში სდებს ბრალს.

"ჟენევის ფორმატის გაგრძელება ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის ფორმატი, სადაც რუსეთს ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით ველაპარაკებით საერთაშორისო საზოგადოების თანდასწრებით. განვლილი ორი წლის განმავლობაში არაკომპეტენტური მთავრობის პირობებში ჟენევის მოლაპარაკებებში გარკვეული პოზიციები დავკარგეთ უკვე, სამწუხაროდ, მაგრამ ახლა საჭიროა ჩვენი ძალიან დიდი ყურადღება, რომ ამ მთავრობის პირობებში რაც შეიძლება ნაკლები ზიანი მიიღოს საქართველომ. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ფორმატი შენარჩუნდეს, თუმცა ეჭვი მეპარება, რომ ამ არაკომპეტენტურ მთავრობას შეუძლია ჩვენი პოზიციების სრულფასოვნად დაცვა ამ მოლაპარაკებებზე", - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

მისივე თქმით, ჟენევის მოლაპარაკებებს ზიანი ნაწილობრივ აბაშიძე-კარასინის ფორმატმა მოუტანა, რის გამოც ოპოზიციის წევრი ამ ფორმატის გაუქმების მომხრეა.

"ზიანის ნაწილი განპირობებული იყო იმ პარალელური ფორმატით, ეს არის აბაშიძე-კარასინის ფორმატი, რომლის გაუქმებაც ასევე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნია საქართველოსთვის. მიუხედავად იმისა, რომ სავაჭრო საკითხებში რაღაც პროგრესი მივიღეთ, ჩვენ ძალიან კარგად ვხედავთ, რომ რუსეთის ეკონომიკის ვარდნის პირობებში ეს ბუმერანგივით უკან დაგვიბრუნდება", - აღნიშნა ჭიაბერაშვილმა.

კომენტარები