ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივანმა გიგა ბოკერიამ, ბიძინა ივანიშვილის განცხადებაზე, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგად არის, ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.
"ეს განცხადება არის დემონსტრაცია იმისა, რა პრობლემა დგას დღეს საქართველოს წინაშე. ჩვენ გვყავს მთავრობა, რომელსაც მართავს პიროვნება, რომელიც გაექცა პასუხისმგებლობას. დაივიწყა ყველა თავისი დანაპირები. არ აქვს არანაირი ხედვა და მუდმივად გვიცხადებს, რომ უფრო მეტი გააკეთა ვიდრე დაპირდა საზოგადოებას. ის არის კმაყოფილი ვითარებით, იმიტომ რომ მას პრობლემები პირადად არ ეხება. პირადად ივანიშვილისთვის სიტუაცია მართლაც კარგია. მაგრამ საქართველო არის ეკონომიკურ და პოლიტიკურ კრიზისში. ეს განცხადება არის დემონსტრაცია იმისა, რომ მას ეს არ ესმის და არ უნდა რომ გაიგოს. სწორედ ამიტომ, დემოკრატიული გზით, ეს მთავრობა უნდა შეიცვალოს" - განაცხადა ბოკერიამ.
ივანიშვილის კიდევ ერთ განცხადებაზე, რომ მას კულისებიდან მართვის ბერკეტი არ აქვს, ხოლო ეს თემა ნაციონალური მოძრაობის შექმნილია, ბოკერიამ განაცხადა:
"შეგიძლიათ გადახედოთ მის განცხადებებს იმის შესახებ, რომ პრემიერმინისტრი კარგი ბიჭია, იმიტომ რომ ბევრჯერ გამეორება არ სჭირდება. და შემდეგ გაიხსენოთ პრემიერმინისტრის რეაქცია ივანიშვილის კრიტიკაზე, თვითონ რომ არ მოსწონს ხოლმე საკუთარი განცხადებები. ჩვენი კომენტარი არ არის მანდ თვალის ამხელი ფაქტორი" - თქვა გიგა ბოკერიამ.





