პატიმრის თვითმკვლელობა

გარდაცვლილი პატიმრის ოჯახს თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა

სასჯელაღსრულების #18 დაწესებულებაში გარდაცვლილი პატიმრის ოჯახს თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა. ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ინფორმაციით, გარდაცვლილი პატიმრის ჯემალ ისაევის მიმართ არაადამიანური მოპყრობის შესახებ ოჯახი მსჯავრდებულის გაფრთხლების გამო დუმდა. ოჯახის წევრების თქმით, ჯემალ ისაევი აცხადებდა, რომ მას მოკვლით ემუქრებოდნენ. ტელეკომპანიის ცნობით, სამკურნალო დაწესებულებაში პატიმარი სავარაუდოდ მიყენებული ფიზიკური დაზიანებების გამო მოხვდა. ისაევის ახლობლები ასევე ირწმუნებიან, რომ საპატიმრო დაწესებულებებში ნარკოტიკები იყიდება.

"შეხვედრაზე ვიყავი ჩემს ძმასთან, საპირფარეშოში ჩემი ძმა და მისი ორი მეგობარი შემოვიდა, ერთმანეთს დაეხმარნენ, გააკეთეს ნემსები. ვიკითხე, ეს რა იყო. მითხრა, ფულს რომ აძლევ, წამალს გაძლევენო", - იხსენებს ნანა ისაევი და აღნიშნავს, რომ ნარკოტიკები ციხის თანამშრომლებს შეაქვთ.

ახლობლების ინფორმაციითვე, ციხეში აკრძალული პრეპარატების გადაჭარბებით მიღების გამო, ჯემალ ისაევი სამი დღე კომაში იყო.

თუმცა, ციხეში ნარკოტიკებისა და ფსიქოტროპული წამლების უკანონო მოძრაობას კატეგორიულად უარყოფს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი გიორგი მღებრიშვილი. მისი განცხადებით, დარწმუნებულია, რომ პატიმარმა თავი მოიკლა, თუმცა გამოძიების დასრულებას ელოდება. სამინისტროს გენინსპექციას ისაევის საქმის შესწავლა თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აქვს დაწყებული. 

ცნობისთვის, გუშინ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, სასჯელაღსრულების #18 (სასჯელაღსრულების ცენტრალური საავადმყოფო) დაწესებულებაში სუიციდის ფაქტი დაფიქსირდა. გარდაცვლილი 1980 წელს დაბადებული მსჯავრდებული ჯ.ი-ა. 

"ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით. დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს", - აცხადებენ უწყებაში.

 

კომენტარები