საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნები უკრაინის მთავრობაში

ხუხაშვილი: ზღულაძის დანიშვნა გარკვეული დემარშია

გია ხუხაშვილი

ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩევლის გია ხუხაშვილის თქმით, ის უკრაინაში პრემიერმინისტრის ვიზიტს სიტუაციის გარკვევამდე შეაჩერებდა. მან ეს კომენტარი საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნების უკრაინის მინისტრთა კაბინეტში შესაძლო დანიშვნაზე გააკეთა. ამის შესახებ მან ტელეკომპანია იმედის ეთერში ისაუბრა.

"არ მგონია, რომ ისინი[უკრაინელები] ვერ ერკვეოდნენ ჩვენ შიდა სიტუაციაში და ვერ ხვდებოდნენ, თუ რამდენად მტკივნეულად შეიძლება, იყოს ეს საქართველოში აღქმული. აქედან გამომდინარე, ვიტყოდი, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ უნდა ვიმეგობროთ და ერთიანი სტრატეგია გვაქვს, მე პრემიერის ვიზიტს დროებით, სიტუაციის გარკვევამდე გავაჩერებდი და ამას გამოვცხადებდი ოფიციალურად",- თქვა გია ხუხაშვილმა.

ხუხაშვილი ასევე მიიჩნევს, რომ ეკა ზღულაძის დანიშვნა გარკვეული დემარშია.

"საპოლიციო სისტემის ჩამოყალიბებაზე მინიმუმ პოლიტიკური პასუხისმგებლობა ამ ქალბატონს ეკუთვნის. აქედან გამომდინარე, შეიძლება, სისხლის სამართლებრივი დევნა არ ხორციელდება, მაგრამ მისი პოლიტიკური მომავალი ამ თუ სხვა ქვეყანაში ჩვენთვის სულერთი არ არის. აქედან გამომდინარე, მისი დანიშვნა გარკვეული დემარშია. მისი მინისტრი, ვისი მოადგილეც ის იყო, დღეს ციხეში ზის და არაერთი ბრალდებით", - თქვა ხუხაშვილმა.

კომენტარები