ფარული მოსმენები

მიროტაძე: ვეტოს დაძლევით პრეზიდენტის დაუსაბუთებელი შენიშვნები გავაპროტესტე

radio1.ge

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ანი მიროტაძის განცხადებით, "ეს იყო ჩემი პირადი პროტესტი პრეზიდენტის არაარგუმენტირებული შენიშვნების მიმართ". მიროტაძე გადაცემა არჩევანში ფარული მოსმენების შესახებ კანონპროექტზე პრეზიდენტის დადებული ვეტოს დაძლევას გამოეხმაურა, მაშინ როცა, მან ერთი დღით ადრე, მხარი არ დაუჭირა ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის მომზადებულ კანონპროექტს.

"პრეზიდენტის შემოტანილი ვეტო იყო "ვეტო ვეტოსთვის" და არა იმიტომ, რომ პრეტენზია მაქვს მარგველაშვილთან. მე მინდოდა, ვეტო ყოფილიყო გამყარებული არგუმენტებით და ცოტა შეურაცხყოფილი დავრჩი, როგორც დეპუტატი, რომ ძალიან ბუნდოვანი შენიშვნებით დააბრუნა კანონპროექტი. მე ამას არ ველოდებოდი, რადგან მეგონა, რომ ბევრად უფრო არგუმენტირებული იქნებოდა მისი შენიშვები. მე ვფიქრობდი, რომ გიორგი მარგველაშვილი 1 დეკემბერს იქნებოდა მზად. ძალიან მინდა, როცა პრეზიდენტი სხვა დროს დაადებს რამეს ვეტოს, აღარ მქონდეს განცდა, რომ მოუმზადებელი ვეტო შემოიტანა. ის ჩემი ქვეყნის პრეზიდენტია, მისი შემოტანილი შენიშვნები უნდა გამოიყურებოდეს სოლიდურად და მომზადებული, დადასტურებული და არგუმენტირებული უნდა იყოს" - განაცხადა მიროტაძემ და აღნიშნა, რომ მის მიერ ვეტოს დაძლევა და შესაბამისად, იმ კანნპროექტისთვის ხმის მიცემა, რომელსაც წინა დღეს მხარი არ დაუჭირა, "იყო ჩემი დამოკიდებულება პრეზიდენტის გადაწყეტილების მიმართ, რადგან მისი შენიშვნები იყო ძალიან არაარგუმენტირებული და ჩემი ხმა სწორედ ამ მიმართულებით წავიდა".

გადაცემის ავტორის კითხვაზე, "ანუ ერთ მხარეს საწორზე დაიდო ღირებული კანონი, რომელიც უნდა მიგეღოთ როგორც კანონმდებელს, მეორე მხარეს იყო პრეზიდენტის ვეტო და გადაწონა იმან, რომ მთავარი იყო ვეტო დაგეძლიათ?", დეპუტატი პასუხობს, რომ "ასე არ არის. მე არ მინდა, რომ ასეთი არგუმენტირებული ვეტო შემოიტანოს სხვა დროს პრეზიდენტმა. მინდა, პრეზიდენტი პატივის სცემდეს როგორც პარლამენტს, ისე მოსახლეობას და არგუმენტირებული შენიშვნები დადოს". 

კითხვაზე, "ანუ ეს უფრო წონიანი აღმოჩნდა, ვიდრე იმ კანონის წინააღმდეგ წასვლა, რომელიც თავადვე არ მოგწონდათ ერთი დღით ადრე?", მიროტაძე პასუხობს - "მე ამ კანონს არ დავუჭირე მხარი თავიდან. მიღებული კანონი იმაზე უკეთესია, რაც იყო, მაგრამ არ მომწონს.  მე ვაგრძელებ მუშაობას ამ მიმართულებით და ვიქნები ამაყი, რომ როცა ჩვენი უფლებამოსილება ამოიწურება, ჩვენ მივიღებთ ამ მნიშვნელოვან კანონს ზუსტად ისეთს, როგორიც არის საჭირო". დეპუტატის თქმით, "რაც არ მოგვწონს, ის უნდა შევცვალოთ, აუცილებლად მოვუბრუნდებით, რამდენჯერაც საჭირო იქნება, იმდენჯერ". ანი მიროტაძემ აღნიშნა, რომ ის მიესალმება არასამთავრობო ორგანიზაციების გადაწყვეტილებას, რომლებიც კანონის საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებას აპირებენ.

"ძალიან მინდა, სასამართლოს გადაწყვეტილება იყოს არგუმენტირებული, რადგან ძალიან მინდა, გამართული ინსტიტუციები მართავდეს ქვეყანას და არა არარგუმენტირებული შენიშვნებით მიღებული გადაწყვეტილება" - თქვა მიროტაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის განცხადებითვე, ის პატივს სცემს იმ 75 დეპუტატს, ვინც თავიდანვე მხარი დაუჭირა მოსმენების შსახებ ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის მომზადებულ კანონპროექტს.

"ეს არის ჩემი გზავნილი მათ მიმართ  - მე მზად ვარ და ისინიც მზად უნდა იყვნენ იმისთვის, რომ კანონის ბუნდოვანება გამოვასწოროთ. მე მაქვს ამ ხალხის იმედი, რადგან ერთად ავიღეთ ეს ვალდებულება და ამაზე უკეთესი პარტნიორები მე არ მყავს" - აღნიშნა მიროტაძემ გადაცემა არჩევანში.

კომენტარები