NATO-ს მინისტერიალი

NATO-ს მინისტერიალზე უელსში მიღებულ გადაწყვეტილებებს განიხილავენ

NATO-ს მინისტერიალის ფარგლებში ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრების სესია მიმდინარეობს. როგორც სესიის დაწყების წინ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, საქართველოს, იორდანიასა და მოლდოვასთვის უელსში შეთავაზებული არსებითი პაკეტით გათვალისწინებული ინიციატივების რეალურად განხორციელების დრო დადგა.

"სამყარო უფრო საშიში გახდა - გვიახლოვდება არასტაბილურობა. რუსეთი ცდილობს, კანონის უზენაესობა ძალის უზენაესობით ჩაანაცვლოს. ძალადობა და ექსტემიზმი ჩრდილოეთ აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში გავრცელდა.  NATO-მ ამ გამოწვევებს უელსის სამიტზე უპასუხა. ჩვენ შევთანხმდით სამოქმედო გეგმაზე იმის დასამტკიცებლად, რომ ნატოს ძალებს შეუძლია სწრაფად გასცეს პასუხი ნებისმიერ საფრთხეს. უელსში ჩვენ ასევე შევთანხმდით რომ უფრო აქტიურად ვითანაშრომლებდით ჩვენს პარტნიორებთან და დავეხმარებოდით მათ საკუთარი თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაში. ახლა დადგა იმის დრო, რომ ჩვენი ინიციატივები რეალურად გავნახორციელოთ პირველ რიგში საქართველოს, იორდანიასა და მოლდოვასთან მიმართებით" - განაცხადა სტოლტენბერგმა.

მინისტერიალი NATO-უკრაინის შეხვედრით დაიწყო. სტოლტენბერგის განმარტებით, შეხვედრაზე უკრაინის წინაშე არსებულ გამოწვევებზე და იქ არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრეს.

"ჩვენ ვგმობთ რუსეთის მიერ უკრაინაში წახალისებულ დესტაბილიზაციას, მათ შორის იარაღისა და სამხედრო პერსონალის გაგზავნას უკრაინის ტერიტორიაზე. ჩვენ ასევე ვგმობთ რუსეთის ქმედებებს, რაც ძირს უთხრის უკრაინის უსაფრთხოებას, რაც ასევე გავლენას ახდენს მთელი ევრო-ატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებასა და სტაბილურობაზე" - თქვა NATO-ს გენერალურმა მდივანმა.

მინისტერიალზე რუსეთ-უკრაინის ურთიერთობებისაგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ფედერიკა მოგერინიმაც შეაფასა. მისი თქმით, ევროკავშირი ჩართულია რუსეთის წინააღმდეგ ზეწოლაში და მხარს უჭერს უკრაინას რეფორმების პერიოდში.

"წინა კვირას ევროკავშირმა სანქციების სია გააფართოვა და სანქციები დაეკისრა რამდენიმე პირს და კომპანიას. ეს არის ის წვლილი, რომელიც ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ზეწოლაში შეიტანა. ჩვენ ასევე მხარს დავუჭერთ უკრაინის რეფორმებს როგორც სამოქალაქო ნაწილში, ასევე უსაფრთხოების საკითხებში" - აღნიშნა მოგერინიმ.

პარალელურად ორმხრივ შეხვედრებს მართავს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. თამარ ბერუჩაშვილი უკვე შეხვდა NATO-ს ოფიციალურ წარმომადგენელს ჯეიმს აპატურაის. მხრეებმა რეგიონის უსაფრთხოებაზე, საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციასა და სოხუმსა და მოსკოვს შორის გაფორმებულ ე.წ. ხელშეკრულებაზე ისაუბრეს. ბერუჩაშვილის თქმით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებულ საკითხებს ის ყველა შეხვედრაზე დააყენებს. 

კომენტარები