NATO-ს მინისტერიალი

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მინისტერიალი NATO-უკრაინის შეხვედრით დაიწყო

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მინისტერიალი NATO-უკრაინის შეხვედრით დაიწყო. უკრაინაში მინისტრთა კაბინეტის არჩევის გამო დღეს სხდომას ვერ ესწრება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, თუმცა შეხვედრაზე მისი ვიდეოჩართვაა დაგეგმილი.

სხდომის დაწყებამდე ბრიფინგი გამართა NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა. მისი განმარტებით, მინისტერიალზე მთავარი განსახილველი თემები ალიანსის ჯარების გაძლიერება, ავღანეთში საწვრთნელი მისიის დაწყება და უკრაინის კრიზისი იქნება.

"დღევანდელ ცვალებად სამყაროში ჩვენ უნდა შევინარჩინოთ ძლიერი NATO, რათა შევძლოთ ყველა გამოწვევაზე რეაგირების მოხდენა. უელსის სამიტზე უკვე შევათანხმეთ სამოქმედო გეგმა და 2016 წლიდან მზადყოფნაში იქნება სწრაფი რეაგირების ძალებიც. NATO მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და ვგმობთ მისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების დარღვევას. მინსკის შეთანხმებას არღვევენ სეპარატისტები და რუსები. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს ჯარი უკრაინიდნ, შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და შეწყვიტოს სეპარატისტების მხარდაჭერა", - თქვა სტოლტენბერგმა.

პარალელურად ორმხრივ შეხვედრებს მართავს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. თამარ ბერუჩაშვილი უკვე შეხვდა NATO-ს ოფიციალურ წარმომადგენელს ჯეიმს აპატურაის. მხარეებმა რეგიონის უსაფრთხოებაზე, საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციასა და სოხუმსა და მოსკოვს შორის გაფორმებულ ე.წ. ხელშეკრულებაზე ისაუბრეს. ბერუჩაშვილის თქმით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებულ საკითხებს ყველა შეხვედრაზე დააყენებს. სოჭში გაფორმებულ შეთანხმებაზე კომენტარი ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკევიჩუსმაც გააკეთა.

"ე.წ. შეთანხმება რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის კარგის მომტანი არ არის. მეორდება ყირიმის სცენარი სხვა საშუალებების გამოყენებით, თუმცა, შედეგი იგივე იქნება. აფხაზეთის ანექსია საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის გზაზე ბევრ დაბრკოლებას მოუტანს. იმედი მაქვს, რომ სამთავრობო ცვლილებების მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლება იმავე ენერგიით გააგრძელებს რეფორმებს. ჩვენი მთავარი გზავნილი ის იქნება, რომ იდეალური პარტნიორები არ არსებობენ, მაგრამ არსებობენ იდეალური მტრები", - თქვა ლინკევიჩუსმა.

კომენტარები