საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნები უკრაინის მთავრობაში

ვოლსკი: არ არის ეს პოლიტიკური დემარში უკრაინის მხრიდან

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ უკრაინაში ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე ალექსანდრე კვიტაშვილის წარდგენა და შს მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე ეკა ზღულაძის კანდიდატურის განხილვა, უკრაინის მხრიდან პოლიტიკური დემარში არ არის.

"სამართლებრივი პრეტენზიები არ გვაქვს კვიტაშვილისა და ზღულაძის მიმართ. როგორც ჩანს, ამ დარგებში მაღალი დონის სპეციალისტების დეფიციტი აქვთ. მე არ ვთვლი, რომ კვიტაშვილი წარმატებული მინისტრი იყო ან ზღულაძე მინისტრის წარმატებული მოადგილე.

არ არის ეს პოლიტიკური დემარში უკრაინის მხრიდან. არსებობს პრაგმატული, სტრატეგიული ურთიერთობის განვითარების აუცილებლობა, საჭიროება უკრაინასა და საქართველოს შორის. ამ ელემენტმა განვითარებას ხელი არ უნდა შეუშალოს", - თქვა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ ფრაქცია პეტრო პოროშენკოს ბლოკმა უმაღლეს რადას უკრაინის ჯანდაცვის მინისტრად საქართველოს ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილი წარუდგინა. ასევე უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტზე დასანიშნად პეტრო პოროშენკოს ბლოკი ეკა ზღულაძის კანდიდატურას განიხილავს.

 

კომენტარები