საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნები უკრაინის მთავრობაში

ეკა ზღულაძე პეტრო პოროშენკოს ბლოკს ხვდება

facebook.com/leshchenko.ukraine

ამ წუთებში პეტრო პოროშენკოს ბლოკი უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეობის კანდიდატს ეკა ზღულაძეს ხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას ინტერნეტ გამოცემა Украинская Правда-ს მთავარი რედაქტორის მოადგილე სერგეი ლეშჩენკო Facebook-ის საკუთარ გვერდზე აქვეყნებს.

უკრაინის უმაღლეს რადაში პეტრო პოროშენკოს ფრაქციის წევრმა მუსტაფა ნაიემმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაადასტურა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტზე დასანიშნად პეტრო პოროშენკოს ბლოკი ეკა ზღულაძის კანდიდატურას განიხილავს. მუსტაფა ნაიემი წერს, რომ ის ეკა ზღულაძეს მაშინ შეხვდა, როდესაც ის ფრაქციასთან შესახვედრად ემზადებოდა.

ნაიემის მიხედვით, მის კითხვაზე, თუ რად უნდოდა უკრაინაში მაღალ თანამდებობაზე დანიშნულიყო, ზღულაძემ უპასუხა, რომ საქართველოს და უკრაინას საერთო მტერი, საბჭოთა წარსული აქვთ დასამარცხებელი და ამაში წვლილის შესატანად მსგავსი შანსი ადამიანს ხშირად არ მიეცემა.

“მე სამსახური არ მჭირდება, ახლა კარგ თანამდებობაზე ვარ. მაგრამ, ესეთი შანსი ხშირად არ მოგეცემა, მითუმეტეს მეორედ. ჩვენ საერთო მტერი გვყავს. რუსეთზე არ ვლაპარაკობ, არამედ ჩვენს საერთო საბჭოთა წარსულზე, რომელიც წლიდან წლამდე გვეწევა. მე ეს არ მომწონს ჩვენთან და არც უკრაინაში. ასევე უკრაინაში არ მომწონს ყინვები, საყოველთაო ნიჰილიზმი და იმის რწმენა, რომ არაფერი გამოვა. ჩვენთანაც ასე იყო და ამიტომაც არ მომწონს. მე კი მჯეროდა და დღესაც მჯერა,“ - თქვა ეკა ზღულაძემ ნაიემთან საუბრისას.

უკრაინის მთავრობაში მაღალ თანამდებობაზე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილის, ეკა ზღულაძის კანდიდატურის განხილვის შესახებ ინფორმაცია დღეს უკრაინულ მედიასთან საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმაც დაადასტურა.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის დღევანდელი კანონმდებლობით მაღალ თანამდებობაზე უცხო ქვეყნის მოქალაქის დანიშვნა არ შეიძლება. ქვეყანაში არც ორმაგი მოქალაქეობაა დაშვებული. თუმცა, ინიციატივა საკანომდებლო ცვლილების შესახებ, რომელიც საშუალებას მისცემს უკრაინის მთავრობას, უცხო ქვეყნის მოქალაქეები მაღალ თანამდებობებზე დანიშნოს, პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ 27 ნოემბერს, ახლადარჩეული რადას პირველ სხდომაზე გაახმაურა.

კომენტარები