ფარული მოსმენები

ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით პრეზიდენტის შენიშვნებს ენმ მხარს არ დაუჭერს

ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით პრეზიდენტის შენიშვნებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მხარს არ დაუჭერს. უმცირესობის წევრის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, პრეზიდენტის ალტერნატიული ვარიანტის მიხედვით, ე.წ. შავი ყუთი რჩება ისევ შინაგან საქმეთა სამინისტროს განკარგულებაში, რაც მათთვის მიუღებელია.

"ეს იმას ნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რამდენი გასაღები შეიქმნება, ვის დაურიგდება ეს გასაღები - სასამართლოს, პერსონალური დაცვის ინსპექტორს, თუ სხვა რომელიმე უწყება ჩაერთვება, ამას არანაირი აზრი არ აქვს, რადგან შინაგან საქმეთა სამინისტროს რჩება იმის ტექნიკური შესაძლებლობა, რომ განახორციელოს უკანონო მიყურადება, მოსმენები. ეს არის ამ კანონის მთავარი პრობლემა და ამის გამო, ჩვენ მას მხარს არ დავუჭერთ", - განაცხადა ჯაფარიძემ.

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ფარულ მოსმენებზე ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის კანონპროექტს ვეტო გუშინ დაადო. მან შენიშვნები პარლამენტს უკვე გადაუგზავნა.

კომენტარები