ფარული მოსმენები

ენმ: არ დავუჭერთ მხარს არც ერთ პროექტს, სადაც შსს-ს ექნება წვდომა მოსმენებზე

news.ge

საპარლამენტო უმცირესობა არ აპირებს, მხარი დაუჭიროს ისეთ კანონპროექტს, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს ექნება პერსონალურ მონაცემებზე წვდომა. უმცირესობის წევრის ხათუნა გოგორიშვილის თქმით, ფარულ მოსმენებზე პრეზიდენტის შეთავაზებულ ვარიანტს ისინი არ იცნობენ.

"პარლამენტის უმრავლესობის დამოკიდებულება პრეზიდენტისადმი ჩემთვის ახალი არ არის. მათთვის მნიშვნელობა არ აქვს პრეზიდენტის მოსაზრებებს. ღარიბაშვილმა და ივანიშვილმა დიდი ხნის წინ განაცხადეს, რომ მარგველაშვილი მათი ლიდერი აღარ არის. რაც ძალიან ცუდია, რადგან ელემენტარულად ინსტიტუტების პატივისცემა ქვეყნის ძლიერების ფაქტია. მაგრამ ამ შემთხვევაში, მე მხოლოდ განცხადება მოვისმინე. არ ვიცი, კონკრეტულად რა წერია ვეტოში. ერთი ფრაზა, რომელიც პრეზიდენტმა თქვა, რომ მოსმენებს განახორციელებს შესაბამისი უწყება, ეს მრავლისმთქმელია. აქ არის დეტალურად სანახავი, იგულისხმება თუ არა შსს. ერთი რამ შემიძლია ვთქვა, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა არ დაუჭერს მხარს არც ერთ პროექტს, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს ექნება წვდომა მოსმენებზე", - განაცხადა გოგორიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა ფარული მოსმენების შესახებ გუშინ მიღებულ კანონპროექტს ვეტო დაადო. როგორც გიორგი მარგველაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, "ჩვენ ვერ მივიღეთ სწორი ბალანსი დაცულობასა და ადამიანის უფლებებს შორის. აქედან გამომდინარე, ამ კანონებს ვადებთ ვეტოს და პარლამენტს ვთავაზობთ ახალ ვარიანტს, რომელშიც ფუნქციური გადანაწილება იქნება დაცული". მან საკუთარი შენიშვნები უკვე გადაუგზავნა პარლამენტს, რომლის მიხედვითაც, "მიყურადებას განახორციელებენ უფლებამოსილი ორგანოები, ნებართვას და ფაქტობრივად იმას, რასაც ჰქვია გახსნა ამ მიყურადების, გასაღების გადატრიალებას, რომ კონკრეტული მიყურადება განხორციელდეს, გასცემს სასამართლო, ხოლო ამ პროცესის ზედამხედველი იქნება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი".

კომენტარები