ფარული მოსმენები

ეს შენ გეხება-მ მოსმენებზე კანონპროექტის მიღება პარლამენტთან გააპროტესტა

არასამთავრობო ორგანიზაციებმა ფარული მოსმენების შესახებ ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის კანონპროექტის მიღება გააპროტესტეს. მათ ქუთაისში, პარლამენტის შენობასთან მიიტანეს ტრანსპარანტები წარწერებით - "დეპუტატებო, ამომრჩეველს უსმენენ", "ნუ დააკანონებთ უკონტროლო მოსმენებს", "შეასრულეთ წინასაარჩევნო დაპირება - დაასრულეთ უკონტროლო მოსმენები", "მოქალაქეებზე კონტროლის გაუმჯობესების მიზნით თქვენი საუბარი იწერება - შინაგან საქმეთა სამინისტრო" და სხვა. არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ე.წ. გასაღების შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ჩამორთმევას ითხოვდნენ, აცხადებენ, რომ მიღებული კანონპროექტით ადამიანის უფლებები კიდევ უფრო იზღუდება. ისინი პრეზიდენტისგან კანონპროექტზე ვეტოს დადებას ითხოვენ.

"ჩვენ დღეს ვაპროტესტებთ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, მან არჩევანი შეაჩერა ყველაზე ნაკლებად სასურველ კანონპროექტზე. ეს არის პირიქით, უფრო რეგრესული კანონპროექტი. მთელ რიგ საკითხებში ვითარება უარესდება, გარკვეულწილად კანონპროექტი არის ბუნდოვანი და ამ სისტემის თაობაზე ნათელი წარმოდგენა მის ინიციატორებს და უშუალოდ ჩართულ პირებსაც კი არ აქვთ. ჩვენ ვაპირებთ ამ მიმართულებით ვიმუშაოთ. მიგვაჩნია, რომ პარლამენტმა არ შეასრულა ამომრჩევლის დაკვეთა - შეწყვეტილიყო უკანონო მოსმენები", - განაცხადა სამართლიანი არჩევნების აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ლომჯარიამ.

პარლამენტმა გუშინ ფარული მოსმენების შესახებ ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის სამი კანონპროექტისგან შემდგარი პაკეტი 75 ხმით 58-ის წინააღმდეგ პირველი მოსმენით დაამტკიცა. საკანონმდებლო ორგანომ ასევე კენჭი უყარა ვახტანგ ხმალაძის საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც ჩავარდა. მის წინააღმდეგ ხმა 71-მა დეპუტატმა მისცა, 61-მა კი მხარი დაუჭირა.

კომენტარები