პრემიერის ინტერვიუ

გაბაშვილი: პრემიერი დასავლურ თავდაცვით შეიარაღებაზე რუსეთის გზავნილს იმეორებს

საპარლამენტო უმცირესობის წევრის გოკა გაბაშვილის შეფასებით, პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ უკრაინისთვის შეიარაღების გადაცემა დასავლეთის მხრიდან არის საკამათო ნაბიჯი და ეს გაამძაფრებს ომის რისკებს, "არის უკრაინის და საქართველოს ეროვნული ინტერესების პირდაპირი ღალატი". მისი თქმით, საქართველოს უსაფრთხოება ზუსტად იმავე მდგომარეობაშია, როგორშიც უკრაინა.

"ეს არის ღალატი ყველაზე ახლო, სტრატეგიული მეგობრის, რომელიც დღეს გასაჭირშია, იცავს თავის თავისუფლებას და მისი ბრძოლისა და გამარჯვების ერთადერთი შანსი არის, რომ დასავლეთი მხარში დაუდგეს ყველა საშუალებით, მათ შორის - თავდაცვითი შეიარაღებით. გარდა იმისა, რომ ეს არის უკრაინის ღალატი, ეს არის საქართველოს ეროვნული ინტერესების ღალატიც, იმიტომ რომ საქართველოს უსაფრთხოება ზუსტად იგივე მდგომარეობაშია. საქართველოს სჭირდება დასავლეთის მხრიდან ძალიან მყარი თანადგომა, მათ შორის, საქართველოს სჭირდება თავდაცვითი შეიარაღება იმისათვის, რომ ქვეყანამ თავისი უსაფრთხოება, თუ კი ეს მომენტი დადგება, დაიცვას. ეს არის პირდაპირი გზავნილი და გამეორება რუსული გზავნილისა. ეს არის პირდაპირი გამეორება იმისა, რასაც რუსეთი ამბობს, რომ დასავლეთის მხრიდან უკრაინის დახმარება გაამწვავებს ვითარებას. სინამდვილეში, რუსეთის შეკავების ერთ-ერთი შანსი არის კონსოლიდირებული მხარდაჭერა დასავლეთის მხრიდან, სანქციებით, რუსეთის იზოლაციით, ზეწოლით და მათ შორის - საქართველოსთვის, უკრაინისთვის, მოლდოვასთვის, ჩვენნაირი ქვეყნებისთვის, რომლის უსაფრთხოებაც საფრთხეშია, ამ ქვეყნებისთვის თავდაცვითი იარაღის მიწოდება", - განაცხადა გაბაშვილმა.

კომენტარები