პრემიერის ინტერვიუ

ჯაფარიძე: ეს განცხადება არის არაკომპეტენტურობა და მოვლენების არასწორად აღქმა

ზურაბ ჯაფარიძე
netgazeti.ge

ნაციონალური მოძრაობის წევრის ზურაბ ჯაფარიძის შეფასებით, პრემიერმინისტრის მიერ გაკეთებული განცხადებები, საბოლოო ჯამში, დეოკუპაციის პოლიტიკის ეროზიას მოახდენს და ძალიან ცუდად აისახება ქვეყნის ეროვნულ ინტერესებზე. მისი თქმით, BBC-ის ეთერში ღარიბაშვილის მხრიდან გაკეთებული შეფასებები არის სულ მცირე, არაკომპეტენტურობის და მოვლენების არასწორად აღქმის გამოვლინება.

"ის, რომ ყირიმში განვითარებული მოვლენების საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში გამეორების საფრთხე არსებობს, ამაზე საუბრობს არა მხოლოდ ნაციონალური მოძრაობა, არამედ ბევრი ექსპერტი. საფრთხეები რეალურია და ის კიდევ უფრო მეტად გაიზარდა მას შემდეგ, რაც აფხაზეთში დე ფაქტო ხელისუფლების ცვლილება მოხდა. როდესაც პრემიერი საერთაშორისო მედიასთან ამბობს, რომ რუსეთთან პრობლემა არ აქვს და მიაღწია კარგ ბალანსს, ეს სულ მცირე არის არაკომპეტენტურობა და მოვლენების არასწორად აღქმა", - თქვა ზურაბ ჯაფარიძემ.

პრემიერმინისტრმა ინტერვიუში თქვა, რომ ”რუსეთს არ აქვს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიების ანექსიის განზრახვა”. მისი თქმით, დიდი შეცდომაა ყირიმისა და სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის შედარება. ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ”ჩვენ ძალიან საინტერესო პრეცედენტს, მაგალითს ვქმნით, ერთი მხრივ ჩვენ ვცდილობთ ევროკავშირში გაწევრიანებას და ივნისში, 27 ივნისს ხელს მოვაწერთ ასოცირების შეთანხმებას. მეორე მხრივ, ვახდენთ რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებას. ვფიქრობ, ჩვენ იდეალურ ბალანსს მივაგენით.”

კომენტარები