არეულობა ფერგიუსონში

ფერგიუსონის შემდეგ საპროტესტო აქციები დიდ ქალაქებში ჩატარდა

AFP

ათეულათასობით მოქალაქე ამერიკის შეერთებული შტატების სხვადასხვა ქალაქში - ნიუ იორკიდან სიეტლამდე, ქუჩებში გამოვიდა ნაფიც მსაჯულთა გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად, რომლის თანახმად, აგვისტოში ქალაქ ფერგიუსონში 18 წლის შავკანიანი ახალგაზრდის მკვლელობისთვის პოლიციელს ბრალი არ წარედგინა. ზოგიერთ აქციაზე პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა. თუმცა, აქციების უმრავლესობამ მშვიდობიანად ჩაიარა.

მისურის შტატის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქალაქ ფერგიუსონში, სადაც წუხელ არეულობა მოხდა, პოზიციის დამატებითი ძალები და 2200-ზე მეტი ეროვნული გვარდიის მოსამსახურე გაიგზავნა.

ბოლო მონაცემებით, ფერგიუსონში არეულობის შედეგად 29 ადამიანი დააკავეს. ერთმა პოლიციელმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ჭრილობა მიიღო. დაიწვა ათეულობით შენობა.  

შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებით, იმ შემთხვევაშიც, თუ ადამიანის უფლებები დაირღვა, არეულობას და ძალადობას არანაირი გამართლება არ აქვს.

"როდესაც მომხდარით იმედგაცრუება გამოვთქვი, მხოლოდ ერთ ინციდენტს არ ვგულისხმობდი. პრობლემას ღრმა ფესვები აქვს და ამ საკითხის მიმართ ბევრი ჩვენი თანამოქალაქის დამოკიდებულება ძალზე მგრძნობიარეა, რადგან ჩვენი კანონი ყოველთვის თანაბრად და სამართლიანად არ სრულდება. მაგრამ არსებობს რეაგირების სწორი და დესტრუქციული გზები. შენობების, მანქანების დაწვა, ქონების განადგურება, საფრთხის შექმნა ადამიანებისთვის - ამას არანაირი გამართლება არ აქვს.  ეს სისხლის სამართლის დანაშაულებია და ამის ჩამდენი უნდა დაისაჯოს. მე არ თანავუგრძნობ იმ ადამიანებს, ვინც ფიქრობს, რომ ფერგიუსონში მომხდარი შემთხვევა შეიძლება ძალადობის გამართლებად იქცეს", - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ.

კომენტარები