არეულობა ფერგიუსონში

ნაფიც მსაჯულთა გადაწყვეტილებას ფერგიუსონში ახალი შეტაკებები მოჰყვა

მისურის შტატის ქალაქი ფერგიუსონი კვლავ არეულობამ მოიცვა. ამის მიზეზი ნაფიცი მსაჯულების გადაწყვეტილება გახდა. მათ პოლიციელს, რომელმაც აგვისტოში 18 წლის შავკანიანი ახალგაზრდა მოკლა, მკვლელობის ბრალდება არ წარუდგინეს.

"ნაფიც მსაჯულთა ჟიურის ვალდებულებაა, დაზუსტებული ფაქტები დაადგინოს. ყველა მტკიცებულების სრული და მიუკერძოებელი ანალიზის შედეგად გადაწყდა, რომ მტკიცებულებები არ იძლევა საშუალებას, დარენ უილსონს რაიმე სისხლისსამართლებრივი ბრალდება წარედგინოს", - განაცხადა სენტ-ლუისის ოლქის პროკურორმა რობერტ მაკკალოჰმა.

ვერდიქტის გამოცხადებამდე შეერთებული შტატების პრეზიდენტმა მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდა, თუმცა ქალაქში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებები მოხდა. ისმოდა სროლის ხმაც. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. არეულობის მონაწილეებმა რამდენიმე შენობა დაწვეს, ასევე დალეწეს პოლიციის მანქანები. პოლიციამ 60-ზე მეტი ადამიანი დააკავა. არეულობის გამო დროებით დაიხურა სენტ-ლუისის აეროპორტი. 

"იმედი გვქონდა, რომ პროტესტი მშვიდობიანი იქნებოდა, მაგრამ როგორც კი ვერდიქტი გამოცხადდა, პოლიციას ქვები დაუშინეს. იმედგაცრუებული ვარ იმით, რაც ხდება. ეს ბევრად უარესია, ვიდრე ის, რაც აგვისტოში ხდებოდა" - თქვა სენტ-ლუისის ოლქის პოლიციის უფროსმა ჯინ ბელმარმა.

საპროტესტო აქციები ვაშინგტონში, ნიუ იორკსა და სხვა ქალაქებში გაიმართა.  დემონსტრანტების მტკიცებით, მოკლულ ახალგაზრდას პოლიციისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია და მკვლელობის უკან ისინი რასისტულ მოტივებს ხედავენ.  

ფერგიუსონში მომხდარი მკვლელობის შემდეგ შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტრო ქალაქში ფართო გამოძიებას აწარმოებს, რათა პოლიციის მიერ ადამიანის უფლებების შესაძლო დარღვევების ფაქტები შეამოწმოს.

კომენტარები