ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

თარგამაძე: ზამთარს ვხვდებით ყველა მიმართულებით კატასტროფის ფონზე

საპარლამენტო უმცირესობის წევრის გივი თარგამაძის შეფასებით, აგვისტოს ომის გამოძიების ინტერესი არა ჰააგის ტრიბუნალს, არამედ, საქართველოს ხელისუფლებას აქვს. როგორც თარგამაძემ ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში თქვა, ცინიკურია, რომ ყოფილი პრეზიდენტის ოპერატორის დაკითხვა ვარდების რევოლუციის წლისთავს დაამთხვიეს. მისივე შეფასებით, მავნებლურია, რომ "ამ ყველაფერს აკეთებენ სწორედ ანექსიის გაფორმების დღეებში". გივი თარგამაძის განცხადებით, ქვეყანა ზამთარს ყველა მიმართულებით კატასტროფის ფონზე ხვდება.

"აქ განმსაზღვრელი ნამდვილად არ არის არანაირი ჰააგის ტრიბუნალის ინტერესი, აქ განმსაზღვრელია საქართველოს ხელისუფლების ინტერესი. ამ დაჯგუფებას, რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში, ყველაფრის დასტურს ბიძინა ივანიშვილი აძლევს და მისი თანხმობით ხორციელდება ეს ყველაფერი. ცინიკური იყო ის, რომ ვარდების რევოლუციის წლისთავს დაამთხვიეს. ცინიკურზე ბევრად უფრო მავნებლურია, რომ ამ ყველაფერს აკეთებენ სწორედ ანექსიის გაფორმების დღეებში. და ეს, მე მეჩვენება, რომ ძალიან კონკრეტული გეგმაა. ამასაც რომ თავი დავანებოთ, ყველაფერი ერთად რომ გავიაზროთ, რაც ხდება ამ დღეებში: ჩვენ შევდივართ ზამთარში რითი? ზამთარში შევდივართ კატასტროფით ამ ფრონტზე ანექსიის თვალსაზრისით. სრულიად ბუნდოვანი პოზიციით შემდგომში ამ საერთაშორისო ფრონტზე. აგვისტოს ომის გამოძიებით, რომლითაც ქართველ ხალხს უნდა დავაბრალოთ რუსეთის ნაცვლად ომის დაწყება, შევდივართ აფეთქებულ-დაზიანებული, ნაპრალგაჩენილი მეცხრე ბლოკით, რომელიც როგორც სახება უბედურების, აღდგა ისევ და ეს ნაპრალი ამ უნიათოთა ხელში მხოლოდ გაიზრდება, ამაში მგონი ეჭვი არავის არ ეპარება. შევდივართ ლარით, რომელიც გაიქცა, შევდივართ იმით, რომ პირდაპირ ღიად ამბობს მთავრობა, რომ უნდა უსმინოს თავსი მოქალაქეებს. შევდივართ სიტუაციით, როდესაც ამ ლარის გაქცევის ფონზე, პენსიონერებმა 14 ლარით ნაკლები მიიღეს პირიქით და ათი ლარი მათ ამასაც კი ვერ ამოუვსებთ. შევდივართ არშექმნილი და დაკარგული სამუშაო ადგილებით ანუ ყველა მიმართულებით, საითაც არ უნდა გავიხედოთ, არის სრული კატასტროფა და ამ კატასტროფის ფონზე, ჩვენი ხელისუფლება არაფერსაც არ აკეთებს - ივანიშვილი ეთამაშება ზვიგენს, პრემიერი ლონდონიდან იძახის სისულელეებს, დანარჩენები - აქედან. ამიტომ, ეს ზამთარი მოვა, მაგრამ მოვა შემდეგ გაზაფხული და ამ გაზაფხულზე არავის არაფერი აღარ უნდა გაუკვირდეს მერე", - განაცხადა თარგამაძემ თეორემაში.

კომენტარები