ფარული მოსმენები

სამუშაო ჯგუფი ვერ შეთანხმდა, ვის უნდა ჰქონდეს ე.წ. გასაღები

ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით პარლამენტში ამ დრომდე მხოლოდ ერთი კანონპროექტია დარეგისტრირებული. ეს არის ეკა ბესელიას, ირაკლი სესიაშვილისა და გედევან ფოფხაძის ინიციატივა, რომლის მიხედვით ე.წ. გასაღები შსს-ს და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს უნდა ჰქონდეთ. რაც შეეხება ვახტანგ ხმალაძის კანონპროექტს, ის გასაღების კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიისთვის გადაცემას გულისხმობს და ხმალაძე მის დარეგისტრირებას დღეს აპირებს.

მმართველი გუნდის წარმომადგენელთა ნაწილი არ ემხრობა გასაღების შსს-ში დატოვებას. მათ შორის არიან თავისუფალი დემოკრატების, რესპუბლიკელებისა და ეროვნული ფორუმის წარმომადგენლები. დეპუტატები არ გამორიცხავენ, რომ მოსმენების კანონპროექტზე პრეზიდენტმა კვლავ ვეტო გამოიყენოს. გასაღების შსს-დან გამოტანის მომხრეა ერთიანი ნაციონალური მოძრაობაც. პარტია მზადაა, საკანონმდებლო ორგანოში არსამთავრობო ორგანიზაციების კანონპროექტი დაარეგისტრიროს, რომელიც ამ დრომდე არ არის ინიცირებული. თუმცა, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ სასურველი არ იქნება, თუკი მათი პროექტის ინიცირებას ნაციონალური მოძრაობა მოახდენს. ისინი ფიქრობენ, რომ ეს  ხელისუფლებას არასამთავრობო ორგანიზაციების კანონპროექტის საწინააღმდეგოდ დამატებით არგუმენტებს მისცემს. რაც შეეხება იმ კანონპროექტებს, რომლებიც პარლამენტში დღის ბოლომდე დარეგისტრირდება, არასამთავრობო ორგანიზაციები მათ შორის ხმალაძის ინიციატივას ემხრობიან.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების კანონპროექტს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ რთულად ესახება ე.წ. გასაღების სასამართლოში გადატანა.

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის წინადადება კი ახალი, დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირის შექმნას ითვალისწინებს, რომელსაც ფარულ საგამოძიებო მოქმედებათა ცენტრალური ბიურო ერქმევა. ხელმძღვანელს პრეზიდენტი დანიშნავს. ინიციატივა უკვე გადაგზავნილია პარლამენტში, თუმცა, მმართველ გუნდში განმარტავენ, რომ კანონპროექტის განხილვა დაგვიანებულია.

კომენტარები