სამსახურიდან გათავისუფლება

უზენაესი სასამართლო: საჯარო სამსახურში ნეპოტიზმი გადაუჭრელ პრობლემად რჩება

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ საჯარო სამსახურიდან მოხელეების მასობრივი გათავისუფლების ერთ-ერთ საქმეზე პრეცედენტული მნიშვნელობის გადაწყვეტილება მიიღო - ამის შესახებ საია-ს განცხადებაში ვკითხულობთ.

განცხადებაში წერია, რომ ნინო მაისურაძის საქმეზე, საქართველოს უზენაესმა სასამართლოს მიერ ერთი მხრივ გაანალიზებულია იმ მანკიერი პრაქტიკის თავისებურებები, რითაც საჯარო სამსახურიდან თანამშრომელთა გათავისუფლება ხასიათდება, ხოლო მეორე მხრივ - შემოთავაზებულია მაღალი თანამდებობის პირის თუ რიგითი მოსამსახურის ქცევის ის სტანდარტები, რომელთა დაცვაც თვისობრივად მაღალ საფეხურზე აიყვანს საჯარო სამსახურს.

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ნინო მაისურაძის საქმეს მიანიჭა სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის მნიშვნელოვანი საქმის სტატუსი და 2014 წელს მიღებული გადაწყვეტილებით შეცვალა ქვედა ინსტანციის სასამართლოს განჩინება.

"განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია საჯარო მოსამსახურეთა პირადი სურვილით სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე განცხადებათა დაწერის მასშტაბური ტენდენცია. საჯარო დაწესებულების ადმინისტრაციის ცვლილებას საქართველოს პირობებში თან სდევს დაწესებულების საჯარო მოსამსახურის მხრიდან მასიურად გამოვლენილი ნება გათავისუფლების შესახებ [...] სასამართლო დავების განხილვისას საჯარო მოხელეები აცხადებდნენ, რომ განცხადებები მოტყუიებით, იძულებით, მუქარით, სამსახურში ხელახლა დანიშვნის დაპირებით დაწერეს. საკასაციო სასამართლო ამგვარი პრეცედენტების მიზეზების კვლევისას ასკვნის, რომ პრობლემა სამართალურთიერთობის ორივე მონაწილის, ერთი მხრივ, ხელმძღვანელის და მეორე მხრივ, საჯარო მოსამსახურის საკუთარი სტატუსის სრული გაუცნობიერებლობისა და უპატივცემულობის, კანონისმიერი ჩარჩოს დაუმორჩილებლობისა და უგულებელყოფის, პროფესიული თავმოყვარეობისა და ადამიანური ღირსების დეფიციტის შედეგია", - აღნიშნულია უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

უზენაესი სასამართლოს იმავე გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ საქართველოში ნეპოტიზმი და თანამდებობის ვიწროპარტიული თუ კორუფციული მიზნებისთვის გამოყენება გადაუჭრელ პრობლემად რჩება.

"საჯარო სამსახურის ფუნქციონირების პრაქტიკის შესწავლა ცხადყოფს, რომ საქართველოში ჯერ კიდევ არ არის დაძლეული ნეპოტიზმი, თანამდებობათა ვიწროპარტიული და კორუფციული მიზნებისათვის გამოყენება, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სწორედ ხელმძღვანელი თანამდებობის პირის პასუხისმგებლობას წარმოადგენს კანონშესაბამისი, ჰუმანიზმისა და სამართლიანობის, მაღალკვალიფიციული და მაღალზნეობრივი, საზოგადოებისადმი სიყვარულისა და პატივისცემის ღირებულებებით გაჟღენთილი სამუშაო გარემოს შექმნა. [...] საჯარო სამსახურის დაწესებულების ხელმძღვანელსა და საჯარო მოხელეს შორის ურთიერთობა, რასაკვირველია, სუბორდინაციულ ხასიათს ატარებს, თუმცა აღნიშნული არავითარ შემთხვევაში, არ უნდა იქნეს გაგებული ერთგვარი "პატრონყმური“ ურთიერთობის შემცველად (რის პრეცედენტებიც არცთუ იშვიათია), საჯარო მოხელის როლის უბრალო "მორჩილი შემსრულებლის“ სტატუსამდე დაყვანად, რაც საჯარო მოხელეს შემოქმედებითი პროფესიული საქმიანობიდან მექანიკურ დასაქმებულ პირამდე აქცევს, ეს კი მის დემორალიზაციას იწვევს და აღარ გააჩნია თვითგანვითარებისა და ერის მსახურებისათვის საკმარისი მოტივაცია“, - ნათქვამია უზენაესი სასამართლოს განცხადებაში.

საია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების სრულ ვერსიას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს გაუგზავნის.

"საია ამით მოუწოდებს ყველა საჯარო მოსამსახურეს და განსაკუთრებით ხელმძღვანელი თანამდებობის პირებს, მათი საქმიანობის ყოველდღიურ პრაქტიკაში დანერგონ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სწორი და ღირებული მიდგომები მითითებულ პრობლემურ საკითხებზე“, - წერია საია-ს განცხადებაში. 

კომენტარები