ტოლერანტობის ჯილდო

ტაბულას გადაცემა საუბარი რელიგიაზე ტოლერანტობის ქომაგად დასახელდა

დღეს საქართველოს სახალხო დამცველმა და ომბუდსმენის ოფისთან არსებულმა ეთნიკურმა და რელიგიურმა საბჭოებმა 2014 წლის ტოლერანტობის კულტურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სხვადასხვა საჯარო პირი, ორგანიზაცია და მედიის წარმომადგენელი დააჯილდოვა. ტოლერანტობის ქომაგის ჯილდო ერგო ტაბულას გადაცემას - საუბარი რელიგიაზე.

რელიგიათა საბჭოს მხრიდან დაჯილდოვდა - ქობულეთის #5 საჯარო სკოლის დირექტორი ნარგიზ ჯინჭარაძე; საქართველოს პარლამენტის წევრი თამარ კორძაია; ორგანიზაცია „მედიის განვითარების ფონდი“ (MDF) და ტელეკომპანია „ტაბულას“ გადაცემა „საუბარი რელიგიაზე“.

ეროვნულ უმცირესობათა საბჭომ დააჯილდოვა ისტორიკოსი გია ანჩაბაძე; გაზეთ „გურჯისტანის“ ყოფილი რედაქტორი სულეიმან სულეიმანოვი; საქართველოს პარლამენტის წევრი ლერი ხაბელოვი; საქართველოს ქალთა საბჭო და საზოგადოებრივი მაუწყებლის უმცირესობების ენებზე მაუწყებლობა.

სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა ტომას მორისმა დააჯილდოვეს ჟურნალისტური კონკურსის „ტოლერანტობა და მრავალფეროვნება” გამარჯვებულები. კერძოდ: პირველი ადგილის მფლობელი გახდა  ეკა კუხალაშვილი  „ქუთაისი პოსტ-ში“ გამოქვეყნებული სტატიისთვის „ქართული „სტერილური“ ისტორიოგრაფია და სახელმძღვანელოები მუსლიმი მოღვაწეების გარეშე“; მეორე ადგილი წილად ხვდა გაზეთ „სამხრეთის კარიბჭეს“ ჟურნალისტს თამარ უჩიძეს სტატიისთვის „ბრძოლა სალოცავისთვის“; ხოლო  მესამე ადგილის მფლობელები გახდნენ  გელა მთივლიშვილი - კახეთის საინფორმაციო ცენტრი, სტატიით „აკრძალული ლოცვა“ და ირმა კახურაშვილი - ჟურნალი „National Geographic“ სტატიით „მუსლიმების ქართული სახლი“.

გადაცემის საუბარი რელიგიაზე ავტორმა და წამყვანმა, ლევან სუთიძემ, დაჯილდოებისას სიტყვა წარმოთქვა:

"ვიცნობ რა იმ ადამიანებსა თუ ორგანიზაციებს, ვისაც ჩვენამდე ეს ჯილდო მიუღიათ, მსურს მადლობა გადაგიხადოთ ამ პატივისთვის.

წოდება მიღებულია და როგორც ამბობენ, ახლა მისი დამსახურება მოგვიწევს. მე მახარებს ის, რომ სახელმწიფოს მიერ შექმნილმა საბჭოთა ტიპის რელიგიის სააგენტომ ჯერ კიდევ ვერ გადაყლაპა სახალხო დამცველთან არსებული ეს უნიკალური სივრცე. მე იმედი მაქვს, რომ მათი აშკარა მცდელობა, აკონტროლონ უმცირესობები, თავის მიზანს ვერ მიაღწევს.

მართალია, პრემიერმა ღარიბაშვილმა გუშინ თქვენ, რელიგიური ჯგუფების ლიდერებს განგიცხადათ, რომ ტოლერანტობის დასამკვიდრებლად დიდი ძალისხმევა საქართველოში არასდროს დაგვჭირვებია, მაგრამ ყველამ, ვისაც შემწყნარებლობის კულტურის დასამკვიდრებლად ხელის განძრევა გვიცდია, ვიცით, რომ განვლილი 2014 წელი, ისევე როგორც მთელი უახლოესი წარსული, მძიმე და შრომატევადი იყო.

თუ გაინტერესებთ რა ძალისხმევის გაღება სჭირდება, ისაუბრო ღია ეთერში უმცირესობათა პრობლემებზე, რომლებიც წლების მანძილზე სიბნელის ინსპექტორებმა ჩვენი საზოგადოების მოზრდილი ნაწილის თვალში დემონებად წარმოაჩინეს, გეტყვით, რომ ეს ნამდვილად არ არის ადვილი. მუქარის წერილები, პირისპირ შეურაცხყოფა და ძალადობის რისკი - ეს ის ბენეფიტებია, რომელიც ღია ეთერში რელიგიაზე მსჯელობას ახლავს თან.

ჩვენ არ გვაქვს დიდი ფინანსური რესურსი, ჩვენ შესაძლოა არ გვაქვს დიდი სატელევიზიო გამოცდილება, მაგრამ ტაბულას აქვს პრინციპები და ღირებულებები, რომელსაც ის რელიგიური მოწადინებით იცავდა და იცავს.

და კიდევ ერთი, როგორც არ უნდა მიყვარდეს ჩვენი ქვეყანა, მომიწევს ვთქვა, რომ ნაკვერჩხალი თივის ზვინში ვერ დაიმალება. სამწუხაროდ, შეუწყნარებლობა ჩვენს ქუჩებში ჩაქუჩით დადის, მუშტებს იქნევს და ზოგჯერ კლავს. მე არ მაშინებს დევნა და დისკრიმინაცია, მე მაშინებს აზრი, რომ ჩვენ ერთხელ მას შევეგუებით ან სათანადოდ არ შევეწინააღმდეგებით.

ეს კი მხოლოდ მაშინ გამოვა, როცა თითოეული ჩვენგანი გააცნობიერებს პასუხისმგებლობას და საკუთარი მოტივების სერიოზულობას. არ არსებობს არც ნახევრად ფეხმძიმე ქალი და არც ნახევრად თავისუფალი ადამიანი. სიცოცხლის ხანგრძლივობა ძალიან მოკლეა იმისთვის, რომ ვინმეს საკუთარი თავისუფლების ხარჯზე გავურიგდეთ.

დაბოლოს, მე მაშინებს, რომ ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი ადამიანი ჩვენთვის მნიშვნელოვანი არ არის. მე მაშინებს, რომ არსებობენ ადამიანები, რომელთაც ზოგიერთი თქვენგანი ისე ეპყრობა, როგორც სხვები გეპყრობიან თქვენ. სასტიკად.

ღმერთო, დაამხე შეუწყნარებლობა და ღმერთო, დაამხე ჰომოფობია!" - თქვა ტაბულას რელიგიის მიმომხილველმა.

კომენტარები