აუდიტის სამსახური

კვირის პალიტრა: აუდიტის სამსახურმა დარღვევები ცენტრ დელტაშიც გამოავლინა

კვირის პალიტრის ინფორმაციით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დარღვევები თავდაცვის სამინისტროს სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ დელტაშიც გამოავლინა, თუმცა ანგარიშს საიდუმლო გრიფი ადევს. გაზეთის დღევანდელ ნომერში აღნიშნულია, რომ არ არის გამორიცხული, პროკურატურამ გამოძიება კიდევ ერთ, კერძოდ კი სამხედრო უწყების მიერ საბურავების, აკუმლატორებისა და სათადარიგო ნაწილების შეწყიდვის საქმეზე დაიწყოს. კვირის პალიტრისვე ცნობით, ერთ-ერთი ასეთი შესყიდვა თავდაცვის სამინისტროს 2013 წლის მარტში ჰქონდა – უწყებამ სამხედრო მანქანებისთვის საბურავები შუამავალი სომხური კომპანიის მეშვეობით შეიძინა.

"კომპანია არპანივი საქართველოში თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებული ტენდერის შემდეგ დარეგისტირდა და გაიმარჯვა კიდეც", - წერს გამოცემა.

პროკურატურის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მათთვის უცნობია, დაიწყო თუ არა კიდევ ერთი გამოძიება თავდაცვის უწყებაში.

ამასთან, კვირის პალიტრასთან საუბრისას სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსი ლაშა თორდია ამბობს, რომ თავდაცვის სამინისტრო გამონაკლისი არ არის და 2013 წლის ანგარიშის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტმა 132 მლნ ლარით იზარალა. აუდიტის მიერ გამოვლენილი დარღვევების ნაწილი წინა ხელისუფლების პერიოდს უკავშირდება, მაგრამ ათობით მლნ ლარის არამიზნობრივი ხარჯვა იკვეთება მოქმედი ხელისუფლების პირობებშიც. თორდიას თქმით, დარღვევები ჯანდაცვის და შინაგან საქმეთა სამინისტროებშიც იკვეთება.

ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ამბობს, რომ მისი უწყება აუდიტის სამსახურს არ შეუმოწმებია, თუმცა თანამშრომლობისთვის მზად არის. სოზარ სუბარის თქმით, მისთვის უცნობია, რა ტიპის დარღვევებია აღმოჩენილი ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში, რადგან შემოწმება ახლა მიმდინარეობს. ნოდარ ხადური კი აცხადებს, რომ ფინანსთა სამინისტროს შემოწმების შესახებ აუდიტის სამსახური განცხადებას თვითონ გააკეთებს. 

კომენტარები