საქართველოს ეკონომიკა

მთავრობა ფოთში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის პროექტს განავითარებს

honeywellnow.com

საქართველოს მთავრობამ ფოთში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტთან დაკავშირებით ინტერესთა გამოხატვის შესახებ გამოაცხადა. ქართულ და უცხოურ კომპანიებს პროექტში მონაწილეობის სურვილის გამოხატვა 2015 წლის 15 თებერვლის ჩათვლით შეეძლებათ. მთავრობის ინიციატივით ფოთის მიმდებარე ტერიტორიაზე 2018 წლისთვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა უნდა აშენდეს, რომელიც ყოველწლიურად მინიმუმ 2 მილიონ ტონა ნავთობს გადაამუშავებს. საქართველოს მთავრობა ამ ეტაპზე ინვესტორის შერჩევის წინა მოსამზადებელ სამუშაოებს გადის. 

საქართველოს მთავრობის განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველო სრულად დამოკიდებულია იმპორტირებულ ნავთობპროდუქტებზე და დღისათვის ქვეყანაში არცერთი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა არ ფუნქციონირებს. მთავრობის განცხადებაში ნათქვამია, რომ ახალი ქარხნის პროექტი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობაზე დადებით გავლენას იქონიებს, ხოლო საქართველოს ნავთობმომპოვებელ რეგიონთან სიახლოვე აღნიშნული პროექტის სიცოცხლისუნარიანობაზე დადებით გავლენას მოახდენს.

მთავრობის მოთხოვნების მიხედვით, ქარხანა 2017 წლის ბოლოსთვის უკვე აშენებული უნდა იყოს, ხოლო 2018 წელს მას უკვე სრული დატვირთვით უნდა შეეძლოს მინიმუმ 2 მილიონი ტონა ნავთობის გადამუშავება. მთავრობის პირობების მიხედვით, ახალ ქარხანაში საწარმოო ციკლი ევროსტანდარტების სრული დაცვით უნდა წარიმართოს. მთავრობის მოთხოვნით, პროექტში დასაქმებულების მინიმუმ 90% საქართველოს მოქალაქე უნდა იყოს.

გამარჯვებულმა კომპანიამ პროექტის დაწყებამდე მთავრობას საგარანტიო თანხა $20 მილიონი უნდა წარუდგინოს. კომპანიას აღნიშნული თანხის გამოყენება საწარმოს აშენების შემდეგ შეეძლება. 

საინტერესოა, რომ მთავრობის მოთხოვნაში არის პირობა, რომლის მიხედვითაც ქარხანამ ნავთობის წლიური წარმოების 20% ადგილობრივ ბაზარზე უნდა შესთავაზოს იმ კომპანიას, რომელსაც სახელმწიფო წინასწარ შეარჩევს. 

კონკურსში გამარჯვებული კომპანია ვალდებულია დაფინანსების წყაროები თავად მოიძიოს და ასევე გადასამუშავებელი ნედლი ნავთობიც თავად შეიძინოს. მთავრობა გამარჯვებულ კომპანიას 30 წლის ვადით გადასცემს მდინარე რიონის მარჯვენა ნაპირზე მდებარე 3 მილიონი კვადრატული მეტრის ზომის ნაკვეთს. 

ეკონომიკის ექსპერტის ლევან კალანდაძის შეფასებით, ასეთი სახის ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება რეგიონის განვითარებაზე დადებითად აისახება. თუმცა, მისი თქმით, დღეისათვის წინასწარი შეფასებების გაკეთება ნაადრევია, რადგანაც ჯერჯერობით უცნობია თუ რა კომპანიები გამოხატავენ ქარხნის აშენების სურვილს და ასევე უცნობია, საბოლოოდ თუ რა ზომის ქარხანა აშენდება. 

კალანდაძის თქმით, აღნიშნული ინიციატივა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ჭრილში არის მნიშვნელოვანი, რაც პროექტის სიცოცხლისუნარიანობაზე დადებით გავლენას იქონიებს. 

ლევან კალანდაძის თქმით, სახელმწიფოს მხრიდან ისეთი ვალდებულების ჩადება, რომელიც კომპანიას ავალდებულებს საკუთარი წარმოების 20% იმ კომპანიას გადასცეს, რომელსაც სახელმწიფო დაასახელებს, ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში სახელმწიფოს მხრიდან 20%-იანი წილის ფლობის ტოლფასია. კალანდაძის თქმით, სახელმწიფოს მხრიდან აღნიშნულ პროექტს მენეჯმენტსა და მონიტორინგს, სავარაუდოდ, საპარტნიორო ფონდი გაუწევს. 

ლევან კალანდაძემ ტაბულასთან ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტზეც ისაუბრა და თქვა, რომ აღნიშნული პროეტების განხორციელების შემთხვევაში ისინი გრძელვადიან ჭრილში შესაძლოა კონკურეტებად მივიჩნიოთ, თუმცა მათი არსებობა ქვეყნის საერთაშორისო სავაჭრო პოტენციალზე დადებითად აისახება.

კომენტარები