ე.წ. კანონიერი ქურდები

თარგამაძე: განმარტონ, რატომ არ დააკავეს ლავასოღლი ბატუმსკი

ნაციონალური მოძრაობის წევრ გივი თარგამაძის ინფორმაციით, ე.წ. კანონიერი ქურდი მინდია გორაძე, იგივე ლავასოღლი ბატუმსკი გუშინ თბილისის აეროპორტში 00:49 საათზე შემოვიდა და 4:36-ზე სტამბოლის მიმართულებით გაემგზავრა. თარგამაძე მოითხოვს დეტალურ განმარტებას, სად იმყოფებოდა გორაძე 4 საათის განმავლობაში და რატომ არ დააკავეს. მისივე თქმით, როდესაც გორაძე დააკავეს უკრაინაში, თავად მიმართა შსს-ს, ძებნილზე ექსტრადირება მოეთხოვათ, თუმცა, ამას რეაგირება არ მოჰყვა.

"მისი დაკავებისთანავე მივმართე შინაგან საქმეთა სამინისტროს და მივუთითე, რომ ის არის მათი ძებნილი. მათ უნდა განეხილათ შესაბამისად ექსტრადირების მოთხოვნა უკრაინაში. მიუხედავად ამისა, ამაზე რეაგირება იყო ნული. მოთხოვნა არ გაგზავნეს. გუშინ მინდია გორაძე იყო დეპორტირებული თბილისში, ის შემოვიდა საქართველოში 00:49 წუთზე. დღეს შსს აცხადებს, რომ ასეთი პიროვნება არ იმყოფება საქართველოში, დიახ, დღეს ის არ იმყოფება. გუშინ ის იმყოფებოდა 4 საათის განმავლობაში, საინტერესოა სად იმყოფებოდა, იმიტომ, რომ 4:36 საათზე დატოვა საქართველო და გაემგზავრა სტამბოლის მიმართულებით თბილისის აეროპორტიდან. ეს უკვე არის მინდია გორაძეზე მესამე შემთხვევა, ზოგადად არის მე-15 შემთხვევა, როდესაც შსს კანონიერ ქურდებს სთავაზობს სერვისს ანაზღაურების ხარჯზე. მინდია გორაძე არის ერთ-ერთი მთავარი ჯაჭვი ციხეში ე.წ. მაყურებლების შექმნაში. კანონიერი ქურდი ლავასოღლი აჭარის პოლიციაში პირდაპირ ნიშნავს პოლიციელებს თანამდებობებზე. ამ ადამიანებს ეს არ ეთაკილებათ და ამბობენ, რომ არიან დანიშნულები ლავასოღლის მიერ. 

კატეგორიულად მოვითხოვ, მოგვაწოდონ დეტალური განმარტება, სად იმყოფებოდა მინდია გორაძე 00:49 წუთიდან 4:36 წუთამდე, რატომ არ იქნა დაკავებული. გასაგებია, რომ ამჯერად შემოიყვანეს მინდია გორაძის გვარით, ვინაიდან ძებნა არის მინდია აბაშიძეზე, მაგრამ არ მივიღებთ იმას, რომ ვერ იცნეს. ან ახსნან რატომ ხდება ეს, ან აღიარონ, რომ მჭიდრო თანამშრომლობაში იმყოფებიან ქურდულ სამყაროსთან", - თქვა თარგამაძემ.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. კანონიერი ქურდი ლავასოღლი ბატუმსკი, იგივე მინდია გორაძე უკრაინელმა სამართალდამცველებმა საქართველოში გამოაძევეს. 32 წლის გორაძეს უკრაინაში დაბრუნება 3 წლით ეკრძალება. როგორც ტაბულას შსს-ში განუმარტეს, მინდია გორაძე ამ დროისთვის საქართველოში არ იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ უკრაინელმა სამართალდამცველებმა ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდები მინდია გორაძე, ვარლამ კუხიანიძე(ვატია) და სერგო ღლონტი(გუგა), კიევის ერთ-ერთ რესტორანში ე.წ. კრიმინალური "სხოდკის" დროს, ოქტომბრის ბოლოს დააკავეს. აღსანიშნავია, რომ ვარლამ კუხიანიძის დეპორტირება მეორე დღესვე მოხდა, თუმცა,  საქართველოში არც ის აღმოჩნდა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, კუხიანიძე ვენაში იმყოფება.

კომენტარები