საქართველოს პარლამენტი

ენმ პრეზიდენტის პარლამენტში სიტყვით გამოსვლის შემდეგ დებატებს ითხოვს

ნაციონალური მოძრაობა პრეზიდენტის პარლამენტში სიტყვით გამოსვლის შემდეგ დებატების გამართვას ითხოვს. საპარლამენტო უმცირესობა გიორგი მარგველაშვილს მოუწოდებს, ფორმატში ცვლილებები შეიტანოს. ნაციონალური მოძრაობის შეფასებით, პრეზიდენტი დაინტერესებული უნდა იყოს, რომ უმცირესობის მოსაზრებებიც მოისმინოს და დებატების ფორმატს რეგლამენტი არ კრძალავს. ცნობისთვის, უმრავლესობამ ნაციონალური მოძრაობის ამ ინიციატივას ბიუროს სხდომაზე მხარი არ დაუჭირა.

"ჩვენ მიგვაჩნია, რომ პრეზიდენტის მიმართვა პარლამენტის და საზოგადოებისადმი არის მნიშვნელოვანი მოვლენა. ეს ხდება პარლამენტში და პარლამენტი სწორედ იმისთვისაა არჩეული, რომ ასეთ საკითხებზე იმსჯელოს. დარწმუნებული ვარ, რომ პრეზიდენტი არ მოგვიყვება თავის მოგზაურობებზე და ალბათ, გააკეთებს აქცენტს იმ ვითარებაზე, რაც ხდება საქართველოში. დაწყებული სამთავრობო კრიზისიდან, იმ ძალიან დრამატული განცხადებებიდან, რომლითაც დატოვეს მინისტრებმა პოსტები. ასევე, აფხაზეთის და სამაჩაბლოს ანექსიის საკითხები, ეკონომიკური თემები, ძალიან ბევრი საკითხია, რაზეც პრეზიდენტმა თავისი აზრი უნდა გამოხატოს, როგორც ქვეყნის მმართველმა, ამ შემთხვევაში არა ნამდვილმა, მაგრამ ფორმალურმა მაინც, ასევე მთავარსარდალმა და საგარეო პოლიტიკაში ერთ-ერთი მთავარმა პირმა. ჩვენ მივმართავთ თავად პრეზიდენტს, მან გამოხატოს სურვილი, რომ მოისმინოს ფრაქციების მოსაზრება იმ საკითხებზე, რაზეც ისაუბრებს", - განაცხადა გიგი წერეთელმა.

ბიუროს სხდომაზე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა პარლამენტის თავმჯდომარესა და გიორგი ბარამიძეს შორის. შელაპარაკება ბარამიძის მიერ ფრაქცია დამოუკიდებელ მაჟორიტარებში შემავალი დეპუტატებით დაინტერესებამ გამოიწვია.

კომენტარები