ე.წ. კანონიერი ქურდები

ნადირაშვილი: ჩვენ გვყავს ქურდული მენტალიტეტის მთავრობა

news.ge

საპარლამენტო უმცირესობის წევრის ირმა ნადირაშვილის განცხადებით, ე.წ.კანონიერ ქურდ ლავასოღლი ბატუმსკისთან დაკავშირებით, "მე მჯერა უკრაინის ოფიციალური განცხადების და არ მჯერა ჩვენი მატყუარა მთავრობის". მისი თქმით, ეს პირველი შემთხვევა არ არის, "როდესაც თვითმფრინავში ჩასმული კანონიერი ქურდი აორთქლდა".

"ჩვენ სამწუხაროდ გვყავს მთავრობა, თბილისის არჩეული მერი, რომელიც თვლის, რომ შკრილნიკოვს და რუს ჯაშუშებს უნდა მისცეს შეღავათები თბილისის ტრასნპორტში, და გვყავს ვიცეპრემეირი, რომელიც ტრაპთან ხვდება კანონიერ ქურდებს და აცილებს. სანამ მთავარი ქურდი, ბიძინა ივანიშვილი ზის სოლოლაკში, ცხადია, პრობლემას ვერ მოევლება, რადგან ჩვენ გვყავს ქურდული მენტალიტეტის მთავრობა მთლიანად", - განაცხადა ნადირაშვილმა.

ცნობისთვის, ე.წ. კანონიერი ქურდი ლავასოღლი ბატუმსკი, იგივე მინდია გორაძე უკრაინელმა სამართალდამცველებმა საქართველოში გამოაძევეს. 32 წლის გორაძეს უკრაინაში დაბრუნება 3 წლით ეკრძალება. როგორც ტაბულას შსს-ში განუმარტეს, მინდია გორაძე ამ დროისთვის საქართველოში არ იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ უკრაინელმა სამართალდამცველებმა ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდები მინდია გორაძე, ვარლამ კუხიანიძე(ვატია) და სერგო ღლონტი(გუგა), კიევის ერთ-ერთ რესტორანში ე.წ. კრიმინალური "სხოდკის" დროს, ოქტომბრის ბოლოს დააკავეს.

კომენტარები