საქართველოს პარლამენტი

ბარამიძე უსუფაშვილს: "ამხანაგოთი" აღარ მომმართოთ, კომპარტიის წევრი არ ვყოფილვარ

pirveliradio.ge

ქუთაისში, პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე ვიცესპიკერმა გიორგი ბარამიძემ თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს მიმართა - "მინდა, გთხოვოთ, "ამხანაგოთი" აღარ მომმართოთ, რადგან მე არასდროს კომპარტიის წევრი არ ვყოფილვარ, კომპარტიის წევრები თქვენკენ მოიკითხეთ". ბარამიძის თხოვნა უსუფაშვილის სხვა მიმართვას მოჰყვა - მან დეპუტატებს ერთმანეთზე საუბრისას "მიმართვის ფორმის უკეთ შერჩევისკენ" მოუწოდა. ბარამიძე მანამდე დაინტერესდა, "რა ხალხია" ფრაქციაში დამოუკიდებელი მაჟორიტარები ძლიერი რეგიონებისთვის.

"მინდა, დაგეთანხმოთ, რომ ჩვენ ერთმანეთს ეთიკურად უნდა მივმართოთ და მე არანაირად არ მიცდია, რომ ვინმესთვის შეურაცხყოფა მიმეყენებინა. გვარების ჩამოთვლა მაინტერესებდა, ვინ არიან, რა ხალხია-თქო, ეს ვიკითხე. რადგან ამ თემაზე ბრძანეთ, ბატონო დავით, მეც მინდა, კოლეგიალურად გთხოვოთ, რომ არც ასე მომმართოთ: ამ კაცს რა უნდა და მით უმეტეს არც ისე, როგორც ბოლო სესიაზე მომმართეთ "ამხანაგ ბარამიძესო". ისე, მინდა გითხრათ, რომ მე არასდროს კომპარტიის წევრი არ ვყოფილვარ, კომპარტიის წევრები თქვენთან მოიკითხეთ", - მიმართა გიორგი ბარამიძემ პარლამენტის თავმჯდომარეს.

აღსანიშნავია, რომ ფრაქცია დამოუკიდებელი მაჟორიტარები - ძლიერი რეგიონებისთვის ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წევრებისგან შეიქმნა. აღნიშნული ფრაქცია საპარლამენტო უმრავლესობაში მას შემდეგ გაწევრიანდა, რაც ის თავისუფალმა დემოკრატებმა დატოვა.

კომენტარები