აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

რუბინი: ვიმედოვნებთ, ლიდერები ქართველების არჩევანის გარშემო ერთიანდებიან

State Gov

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე, ერიკ რუბინი დღეს ვაშინგტონში, ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში, კონფერენციაზე "უკრაინა, რუსეთი და დასავლეთი: გასავლელი გზა" სიტყვით გამოვიდა. გამოსვლისას რუბინი საქართველოსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ის, რაც ხდება უკრაინაში, საქართველოსა და მოლდოვასაც აღელვებს, ვინაიდან უკრაინის კრიზისი თბილისსა და კიშინიოვში აღიქმება, როგორც არა მარტო კიევის, არამედ მათი პრობლემაც. 

გამოსვლისას სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილემ, ტაბულას ჟურნალისტის შეკითხვას საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისის თაობაზე უპასუხა და აღნიშნა, რომ საქართველოს მოსახლეობამ გააკეთა არჩევანი და აშშ იმედოვნებს, რომ ლიდერები ამ არჩევანის გარშემო გაერთიანდებიან. 

"მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველო პოზიტიური შემთხვევაა. რაც უკრაინაში ვნახეთ, ეს საქართველოს შემთხვევაში რამდენიმე არჩევნებში უკვე გამოჩნდა. ესაა ხალხის დეკლარირებული არჩევანი თუ როგორი მომავალი სურთ თავიანთი შვილებისთვის. მათ აირჩიეს ევროატლანტიკური ორიენტაცია და ნათლად გამოხატეს რომ ამ მიმართულებით სურთ იყურონ. საქართველოში თითქმის ყველა პარტიას და პოლიტიკურ ფიგურას ამ კუთხით ერთიანი პოზიცია აქვთ. და იმის ნაწილი, რის თქმასაც ჩვენ ვცდილობთ უკანასკნელი რამდენიმე კვირის განმავლობაში საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური განვითარებების კვალდაკვალ, არის ის, რომ ჩვენ ამ რთულ პერიოდში ვიმედოვნებთ, საქართველოს ლიდერები ერთად დადგებიან იმ პოზიტიური მიმართულებით, რომელსაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა იზიარებს და ერთად იმუშავებენ იმისთვის, რომ ამ მიზანს მიაღწიონ. მით უმეტეს, ამჟამინდელი რთული რეგიონული სიტუაციის გათვალისწინებით. ესაა მესიჯი, რომელსაც ჩვენ ვგზავნით. ეროვნული კონსენსუსი ძალიან ძლიერია და შეიძლება გამოყენებული იქნას როგორც სტაბილურობის წყარო, თუ მასზე მოხდება დაყრდნობა", - განაცხადა რუბინმა. 

მან ასევე საქართველოსა და უკრაინის მოვლენებს შორის პარალელებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ აშშ ყველაფერს აკეთებს, რათა თავიდან აცილებულ იქნას რეგიონში კიდევ ერთი გაყინული კონფლიქტის წარმოშობა.

 "პირველ რიგში, ბევრჯერ გვითქვამს, რომ ჩვენ ვაღიარებთ საქართველოს და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას. უფრო დიდი ხანია ვამბობთ - ჩვენ არა მარტო ვაღიარებთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, არამედ ვცდილობთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის დარღვევის და არასასურველი უცხო ქვეყნის ძალების საქართველოს ტერიტორიაზე განთავსების საკითხის მოგვარებას. ეს საერთოა უკრაინის და საქართველოს შემთხვევაში. და საწყენია, თუმცა არის შესაძლებლობა, რომ კიდევ ერთი გაყინული კონფლიქტი მივიღოთ, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ამის თავიდან აცილება შევძლოთ. ვინაიდან გვაქვს ძალიან მტკივნეული გამოცდილება რეგიონში, მათ შორის, საქართველოს შემთხვევაში. გვაქვს გამაფრთხილებელი ნიშნები, არის პოტენციური პარალელები, რომლის თავიდან აცილებასაც ვცდილობთ, რადგან ეს არაა პოზიტიური პარალელები", - აღნიშნა რუბინმა. 

კომენტარები