კრიზისი კოალიციაში

წულუკიანი: დღეს მივმართავ ალასანიას და თავისუფალ დემოკრატებს დავტოვებ

თეა წულუკიანი

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი პოლიტიკურ გაერთიანება თავისუფალ დემოკრატებს დღეს ოფიციალურად დატოვებს. როგორც თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს უთხრა, ამასთან დაკავშირებით პარტიის ლიდერს ირაკლი ალასანიას დღეს მიმართავს.

"მე დღეს მივმართავ ჩემს მეგობარს, ძალიან ძვირფას ადამიანს, თავისუფალი დემოკრატების ლიდერს ირაკლი ალასანიას და დავტოვებ ამ პარტიას. მე მათ წარმატებას ვუსურვებ. მივიღე გადაწყვეტილება, რაც მგონია, რომ ამ კონტექსტში დღეს არის ყველაზე სწორი გადაწყვეტილება – გადაწყვეტილება ევროპული საქართველოს სასარგებლოდ. მჯერა, რომ რაც არ უნდა იყოს სიძნელეები, ხარვეზები, მთავრობის მუშაობაში, მთავრობას აქვს ერთადერთი კურსი - ეს არის ევროატლანტიკური კურსი. ეს არის ჩემი გადაწყვეტილება ევროატლანტიკური კურსის სასარგებლოდ - ჩემს მთავრობასთან, მინისტრ კოლეგებთან ერთად, პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობით გავაგრძელო ისეთივე დაუღალავი შრომა, როგორსაც იუსტიციის სამინისტრო, თითოეული თანამშრომელი ახორციელებდა ბოლო ორი წლის მანძილზე. აქედან გამომდინარე, ევროატლანტიკური კურსისათვის მეც და მთავრობასაც გვაქვს ძალიან ბევრი სამუშაო და ამ სამუშაოს ჩვენ ვაგრძელებთ", - განაცხადა თეა წულუკიანმა ცნობით.

თეა წულუკიანს პარტია თავისუფალი დემოკრატების წევრობა იუსტიციის მინისტრად დანიშვნის შემდეგ შეჩერებული ჰქონდა.

შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია თანამდებობიდან გადააყენა, პოსტები დატოვეს თავისუფალი დემოკრატების წევრმა მინისტრებმა - მაია ფანჯიკიძემ და ალექსი პეტრიაშვილმა. იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა კი განაცხადა, რომ ის თანამდებობაზე რჩება.

კომენტარები