თბილისის ბიუჯეტი

ენმ თბილისის ბიუჯეტში რამდენიმე პროგრამის გათვალისწინებას ითხოვს

timer.ge

თბილისის 2015 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით, საკრებულოს ფრაქციები - ნაციონალური მოძრაობა - თბილისი და ერთიანი ნაციონალური მოძრაობა განცხადებას ავრცელებენ. მათი შეფასებით, ქართულ ოცნებას და თბილისის მერს დავით ნარმანიას არ შეუძლიათ გაუმკლავდნენ თბილისელების წინაშე არსებულ სოციალურ თუ ინფრასტრუქტურულ პრობლემებს და უარი თქვან ცენტრალური მთავრობის დავალებების შესრულებაზე, რომლებიც, ენმ-ის მტკიცებით, მხოლოდ სამთავრობო დაწესებულებებში მომუშავე მაღალი თანამდებობის პირების კომფორტისთვის არის გამიზნული.

"კერძოდ, თბილისის ბიუჯეტის თითქმის 13 მილიონი ლარით სეკვესტრის, 30 მილიონი ლარის ძვირი სესხის კომერციული ბანკიდან აღების, მნიშვნელოვანი სოციალური და სხვა პროექტების შეჩერების ფონზე, თბილისის მერიამ გამოყო 3 მილიონ ლარზე მეტი კანცელარიისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობების განათებისა და მიმდებარე ტერიტორიების კეთილმოწყობისათვის. აქედან გამომდინარე, ისევე როგორც სეკვესტრირებული ბიუჯეტის დამტკიცებისას, ახლაც გვსურს ვცადოთ თბილისის მერისა და ქართულ ოცნების ყურადღება მივაპყროთ იმ პრობლემებზე, რომლებიც მომავლი წლისთვის უნდა გახდეს თბილისის თვითმმართველობის მთავარი გამოწვევა" - ნათქვამია განცხადებაში. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თბილისის საკრებულოს ფრაქციების აზრით, მოსახლეობის სოციალური პრობლემების ნაწილობრივ მაინც გადაწყვეტის მიზნით, თბილისის 2015 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული უნდა იყოს ასაკით პენსიონერებისათვის ყოველთვიური 10-ლარიანი საპენსიო დანამატი, მუნიციპალური ტრანსპორტით უფასო მგზავრობა 70 000 სარეიტინგო ქულამდე სოციალურად დაუცველების, პენსიონერების, პედაგოგებისა და სტუდენტებისათვის; იაფი ცხელი წყლითა და გათბობით მოსახლეობის უზრუნველყოფის პროგრამის ჩართვა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თანადაფინანსების პროგრამაში, ფასიანი სტაჟირების პროგრამა სტუდენტებისათვის, ბაღის ვაუჩერის შემოღება.

"სანამ სხვადასხვა პრობლემების გამო ბავშვები რჩებიან საბავშვო ბაღის გარეშე და მშობლები ამით გამოწვეული მწვავე პრობლემების პირისპირ, 2015 წლის სექტემბრიდან შემოვიღოთ ყოველთვიური 100-ლარიანი ვაუჩერი თითოეულ ბავშვზე (სწორედ ამდენი იხარჯება ერთ აღსაზრდელზე თვეში მუნიციპალურ საბავშვო ბაღში). აღნიშნული, ერთის მხრივ, მომავალ წელსვე აღმოფხვრის საბავშვო ბაღებში ადგილების დეფიციტს, ხოლო მეორეს მხრივ, გამოიწვევს კერძო საბავშვო ბაღების სისტემის განვითარებას და ამ სფეროში ახალი სამუშაო ადგილების შექმნას", - ნათქვამია განცხადებაში და აღნიშნულია, რომ უნდა გაგრძელდეს მედიათეკების მშენებლობა.

"2015 წლის ბიუჯეტით უნდა დაფინანსდეს იმ ორი ახალი მედიათეკის მშენებლობა, რაც უკვე დაგეგმილი გვქონდა ჩვენ პერიოდში: ბოგდან ხმელნიცკის ქუჩაზე და ვეტერანთა დასვენებისა და კულტურის პარკში. ამ მიზნით თბილისის ბიუჯეტში 6 მილიონი ლარი უნდა იყოს გათვალისწინებული", - აღნიშნავენ ფრაქციები.

ენმ-ის თბილისის საკრებულოს წევრების განცხადებითვე, ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მნიშვნელოვანი პრობლემები შეიქმნა ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარების თვალსაზრისითაც. მათი შეფასებით, ქალაქის საცობებისგან განსატვირთავად აუცილებელია რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება. კერძოდ, თამარაშვილისა და უნივერსიტეტის ქუჩების გადაკვეთაზე საგზაო მოძრაობის ორ დონეზე მოწყობა ესტაკადით; გივი კარტოზიას ქუჩის ბახტრიონის გვირაბის თამარაშვილის ქუჩასთან დამაკავშირებელი უსახელო გზის გადაკვეთაზე მოძრაობის ორ დონეზე მოწყობა; ვერის ხეობიდან გამომავალი ახალი მაგისტრალის გვირაბით დაკავშირება გმირთა მოედანზე არსებულ, ლაგუნასკენ მიმავალ გვირაბთან; სარაჯიშვილის ქუჩის (ვაშლიჯვარი) მარშალ გელოვანთან დაკავშირება ესტაკადით; მარშალ გელოვნის მოედანზე (ვეფხვი და მოყმესთან) საგზაო მოძრაობის ორ დონეზე მოწყობა (გვირაბით); სააკაძის მოედანზე სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის ორ დონეზე მოწყობა გვირაბით; უნივერსიტეტის ქუჩის და ბაგების დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა; კოჯრის გზატკეცილის დაკავშირება (თაბორის მთის გავლით) გორგასალის ქუჩასთან (ახალი გზის მოწყობა); გალაქტიონის ხიდის მარცხენა მხარეს (უშანგი ჩხეიძის ქუჩაზე ასასვლელი) პანდუსის მოწყობა; მუხათგვერდისკენ მიმავალი ხიდის რეკონსტრუქცია და მოძრაობის აღდგენა; შეშელიძის და გობრონიძის ქუჩის კვეთასთან მოძრაობის ორ დონეზე მოწყობა (მუხიანიდან მოძრავი მანქანებისთვის); მდინარე მტკვარზე მარნეულის და რუსთავის გზატკეცილის ქვემო სამგორთან დამაკავშირებელი ხიდის აშენება. ასევე, ბარათაშვილის ხიდის რეაბილიტაცია.

"ნათელია, ჩვენი შეთავაზებების თბილისის 2015 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებით თბილისის მაცხოვრებლებს ცოტათი მაინც შევუმსუბუქებთ დამძიმებულ სოციალურ მდგომარეობას და უფრო კომფორტულს გავხდით მათთვის დედაქალაქში ცხოვრებას. ვფიქრობთ, ჩვენი ეს მიმართვა დააფიქრებს ქალაქის ხელისუფლებას და ისინი დაუსაბუთებლად უარს არ ეტყვიან თბილისელებს ამ მნიშვნელოვანი პროექტების ბიუჯეტში გათვალისწინებაზე", - ნათქვამია ენმ-ის ფრაქციების განცხადებაში.

კომენტარები