კრიზისი კოალიციაში

ალასანია: არ მაქვს ილუზია, რომ პროკურატურის ჯგუფი დამოუკიდებლად მოქმედებს

თავდაცვის სამინისტრო

ირაკლი ალასანია კიდევ ერთხელ ამბობს, რომ მისი ვიზიტისას თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავება იყო „მიზანმიმართული შეტევა თავდაცვის სამინისტროზე პროკურატურის მხრიდან" - ამის შესახებ თავისუფალი დემოკრატების ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ ტელეკომპანია იმედის ეთერში ისაუბრა. ალასანიას თქმით, მას შემდეგ, რაც დაკავებულების უდანაშაულობა გაირკვევა, პროკურორების ამ ჯგუფის პასუხისმგებლობის საკითხს დააყენებს და ისიც გამჟღავნდება, თუ ვისი დაკვეთით მოქმედებდნენ.

თავდაცვის ყოფილი მინისტრის თქმით, მისი უწყების მაღალჩინოსნების დაკავება მოხდა იმ დროს, როდესაც საფრანგეთსა და გერმანიაში „ძალიან მნიშვნელოვან მოლაპარაკებებზე" იყო საკუთარ კოლეგებთან, „იმ მომენტში, როდესაც იწყებოდა NATO-ში პაკეტის განხილვა."

ჟურნალისტის კითხვაზე, არის თუ არა მთავარი პროკურორი ბადაშვილი იმდენად მნიშვნელოვანი ფიგურა, რომ წვდომა ქონდეს ქვეყნის კურსსა და საგარეო ორიენტირზე, ალასანია პასუხობს, რომ მას „ამის ილუზია არ აქვს", თუცა თავს არიდებს პასუხს კითხვაზე, თუ ვინ დგას პროკურატურის ამ ჯგუფის მიღმა და მოიაზრებს თუ არა ამ როლში მოქმედ პრემიერს.

„არავის ამის ილუზია არ გვაქვს. დრო ყველაფერს უახლოეს მომავალში დაარქმევს თავის სახელს. მთავარი ისაა, რომ ის [მთავარი პროკურორი] გამოყენებული იქნა ინსტრუმენტად სწორედ იმ მიმართულებაზე დარტყმისთვის, რაც ყველაზე დიდი და მტკიცე ჯაჭვია ჩვენი ნატოში ინტეგრაციისთვის."

ალასანია იხსენებს, რომ სწორედ ამ ჯგუფმა მოაწყო მასობრივი დაპატიმრება თბილისში ნატოს გენერალური მდივნისა და ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტის დროს.

„მე არასდროს მითქვამს, რომ ხელისუფლებამ გადაუხვია გზას. ეს არის შეფერხების მცდელობა - როდესაც NATO-ში უნდა დაწყებულიყო განხილვები იმ არსებითი პაკეტის განხორციელებისთვის, სწორედ იმ დღეს მოხდა ეს. მე გამახსენდა, რომ ეს ზუსტად ის ჯგუფია - სხვათაშორის მაშინ არ იყვნენ პროკურატურაში და იყვნენ მე მგონი, ფინანსური პოლიციაში, რომელმაც ნატოს გენმდვინისა და ჩრდილოატლანტიკური საბჭოს აქ ვიზიტის დროს მოახდინა მასობრივი დაკავებები, რამაც რა თქმა უნდა, ძალიან დიდი რეზონანსი გამოიწვია საერთაშორისო თანამეგობრობაში."

თავდაცვის ყოფილ მინისტრს „არ აქვს ილუზია, რომ ეს ჯგუფი დამოუკიდებლად მოქმედებს":

„ახლა მთავარია, თუნდაც იმ ნაბიჯით, რაც გადადგა თავისუფალმა დემოკრატებმა, რომ დღეს ყველა მინისტრი, ყველა სახელმწიფო მოხელე მმართველი გუნდიდან, იძახის, რომ არ გადაუხვევს კურსიდან - ჩემთვის ეს უკვე შედეგია. მაგრამ ჩვენ დავაკვირდებით იმ გეგმებს, რომლებიც ერთად გვაქვს დასახული ამ კუთხით და თუ არ განხორციელდა, პირველი ჩვენ ავტეხთ განგაშის ზარს... არავითარი პერსონალური კონფლიქტი აქ არ არის, ჩემი მხრიდან ყოველ შემთხვევაში. ეს იყო მიზანმიმართული შეტევა თავდაცვის სამინსიტროზე პროკურატურის მხრიდან. იმ მომენტში და იმ დროს, როდესაც საფრანგეთში და გერმანიაში ძალიან მნიშვნელოვან მოლაპარაკებებზე ვიყავი ჩემს კოლეგებთან, იმ მომენტში, როდესაც იწყებოდა NATO-ში პაკეტის განხილვა. ამას მოყვა ძალიან დიდი ცვლილებები ქართულ პოლიტიკაში. მე დარწმუნებული ვარ, როდესაც მოეხსნება გრიფი ამ ე.წ. კაბელების საქმეს და სასამართლოში წარიმართება პროცესი, დადასტურდება, რომ ეს ეჭვები აბსოლუტურად უსაფუძვლოა და დარწმუნებული ვარ, უდანაშაულო ხალხი ციხიდან გამოვა. მაგრამ ამ შემთხვევაში უკვე დავაყენებ პირდაპირ პასუხისმგებლობას იმ პროკურორების ჯგუფის, რომელმაც ეს ჩაიფიქრა და ამ დროს გამჟღავნდება, ვისი დაკვეთით და ვისი ჩანაფიქრით მოქმედებდნენ" - ამბობს ალასანია.

 

კომენტარები